“მოგიყვებით შემთხვევას, გუშინ მირეკავს ერთ-ერთი ექიმი და მეუბნება, მე როგორც მომხრე, გაიგე, რომ ოთხ აცრილს შოკი განუვითარდა და რეანიმაციაში დააწვინესო?” – რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა”, ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტმა, პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრმა ვატო სურგულაძემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრამ გვერდითი მოვლენები გამოიწვია.

სურგულაძემ ქვეყანაში ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავს სიტუაციებში მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება, რათა ჭორები არ გავრცელდეს და ვაქცინაციის პროცესი არ შეფერხდეს:

” ჩემი რეაქცია იქვე იყო, რომ სად წვანან, ვინ არიან, ახლავე წავალ, ახლავე ვნახავ. რა თქმა უნდა, იყო “ფეიკი, იყო ჭორი. როცა ჩავედი – არაო, ვიღაცამ მითხრაო, ვიღაცის ვიღაცის მონაყოლზე… ასეთ რაღაცებზე უნდა ვაკეთებდეთ ძალიან სწრაფ რეაგირებას, რომ არ  ხდებოდეს ასეთი ჭორების გავრცელება და პროცესს ხელს არ უშლიდეს.” – თქვა სურგულაძემ.

როგორც ვატო სურგულაძემ აღნიშნა, მიუღებელია, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვაქცინა შემოვიდა, მას აღარავინ იკეთებს და თქვა, რომ შაბათს წავა და აიცრება. 

სამედიცინო პერსონალის საკმაოდ დიდ ნაწილს ვაქცინის გაკეთება არ უნდა ეს რეალური პრობლემაა: ვატო სურგულაძე

მან ასევე ისაუბრა ვაქცინის მიმართ საზოგადოების შეიშებზე და თქვა, რომ მნიშვნელოვანია ცნობიერების გაზრდისთვის ტრენინგები და კამპანიები ჩატარდეს:

“ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, იგივე, ევროპაც რომ ავიღოთ, იქაც ასე ხდებოდა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ჩატარდა საკმაოდ კარგი პოპულარიზაციის თუ ახსნის კამპანია, რომელმაც აუხსნა, დაუხატა, დაუწერა, ჩაატარა პრეზენტაციები, ტრენინგები და ეს პრობლემა, პრაქტიკულად, დიდი რაოდენობით მოიხსნა, არ არის ასეთი დამოკიდებულება. ჩვენთან ეს არ ჩატარებულა. ახლა უნდა ჩავატაროთ და დავიწყოთ.” – აღნიშნა მან.

ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტის განმარტებით, ის, რომ ვიღაც ვაქცინას არ იკეთებს, პრობლემას უქმნის სხვებს, რადგან, ამ შემთხვევაში, პოპულაციურ იმუნიტეტს ქვეყანა დროულად ვერ მიაღწევს.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები