გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ ჩემი პასუხისმგებლობა ამის გამო შესაძლოა, დამძიმდეს, მე ვერ ვხედავ პრობლემას, დამძიმდეს. იმთავითვე ვთქვი, რომ ამისთვის მზად ვარ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამია პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

გვარამია გირაოს გადახდისთვის საჭირო უნიკალური კოდის გადასაცემად დაიბარეს დღეს პროკურატურაში. საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დოკუმენტი არც უნახავს.

„გირაოს უნიკალური კოდის გადმოცემის პროცედურა იყო, ამ დოკუმენტში შეგნებულად არც ჩამიხედავს და არც ჩამიბარებია. ეს უნიკალური კოდი არ ვიცი. ეს იცის მხოლოდ ამ უწყებამ, ამიერიდან, თუ ვინმემ რამე შეიტანა ჩემს ანგარიშზე, არის ამ უწყების დამსახურება, ანუ მხოლოდ მათ შეიძლება გათქვან ეს უნიკალური კოდი, ჩემგან ეს ვერ მოხდება, რადგან ამ ინფორმაციას არ ვფლობ. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ ჩემი პასუხისმგებლობა ამის გამო შესაძლოა, დამძიმდეს. დამძიმდეს, ვერ ვხედავ პრობლემას. იმთავითვე ვთქვი, რომ მე მზად ვარ ამისთვის. ის, რაც ნებაყოფლობით უნდა შესრულდეს ჩემ გამო, როგორც აღკვეთის ღონისძიება, მე ამას არ შევასრულებ, რადგან თავი მიმაჩნია უდანაშაულოდ. თუ იმ ღონისძიებას მომისჯიან, რომელიც იძულებას გულისხმობს, ანუ აღკვეთას, დავემორჩილები. გიჟი ხომ არ ვარ, სახელმწიფოა და კი, ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება. ამისთვის მზად ვიყავი იმთავითვე. ასე რომ, რაც ნებაყოფლობითია, იმას მე არ შევასრულებ, თავიდანვე ვიძახდი და მაინც შემიფარდეს ის, რაც ნებაყოფლობითია და გადაწყვეტილება თავად მიიღონ, ჩემთვის ეს მეორეხარისხოვანია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, პროკურატურაში გამოცხადებაზე უარს არ იტყვის.

„გამოცხადებაზე უარს ისედაც არ ვაპირებ, ეს ჩემი შინაგანი დამოკიდებულებაა ამ ყველაფრის მიმართ და პატივს ვცემ ამით სახელმწიფოს და არა პროკურატურას, დანარჩენს ისე გადავწყვეტ, როგორც საჭიროა”- ამბობს გვარამია

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ არ ქონდა იმის ილუზია, რომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვლებოდა.მისივე თქმით, გასაჩივრების საკითხით მისი ადვოკატი იყო დაინტერესებული, რომელიც სტრასბურგისთვის მასალას აგროვებს.

“არავითარი ილუზია არ მქონდა, რომ განიხილავდა ამ საჩივარს. ახლა რაღაც ახალი განმარტებისთვის მიუგნია, არ არის ჩემთვის ეს საინტერესო, თან როცა ვიცი, რა შედეგით დასრულდება, ეს მასალები იქნება და შეადგენს ჩემი პოლიტპატიმრობის საქმეს, ამაში დარწმუნებული ვარ. დანარჩენი ისე ქნან, როგორც უნდათ. მე ისე ვიზამ, როგორც საჭიროდ მივიჩნევ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას საქმეზე, მისი უფლებადამცველის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. შესაბამისად, ძალაში რჩება პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40ი ათას ლარიანი გირაო და ქვეყნიდან გაუსვლელობა შეეფარდა.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები