“გვაქვს „ვატელის“ პროექტი, რომელიც არის საერთაშორისო „hospitality school“, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდია. მათი ფილიალი 35 -ზე მეტ ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური კონტრაქტი, რომ პირდაპირ შემოვიყვანოთ საქართველოში, მიდის მოლაპარაკებები განათლების სამინისტროსთან,” – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “ბიზნესკურიერი” საინვესტიციო ჰოლდინგ, “ბლოკ ჯგუფის” მმართველმა პარტნიორმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა ისაუბრა.
როგორც ჯანაშვილმა აღნიშნა, მათი სურვილია, ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის შემდეგ, არ გახდნენ იძულებული, გუნდი უცხოური კადრებით დააკომპლექტონ.
“სტუმარ-მასპინძლობა მხოლოდ საერთაშორისო სასტუმროები არ არის, ესაა რესტორნები, კაფეები და კიდევ უამრავი სხვა სერვისი, სადაც თუ ცოდნა გვექნება, შევძლებთ, სერვისების მაქსიმალურ დახვეწას, რომ ტურისტმა მეტიც დახარჯოს და ბევრად უფრო კმაყოფილიც გავუშვათ ჩვენი ქვეყნიდან, რაც პირდაპირი და ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავალია ჩვენი ეკონომიკისთვის.
„ვატელის“ კურსდამთავრებულები საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებში საკმაოდ მაღალანაზღაურებადი კადრები არიან და გვსურს, ჩვენთანაც შევძლოთ ადგილობრივი კადრების ისე მომზადება, რომ საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის შემდეგ, არ ვიყოთ იძულებული, გუნდი უცხოური კადრებით დავაკომპლექტოთ,” – აღნიშნა თორნიკე ჯანაშვილმა.