“თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის” ფარგლებში, 2 დეკემბერს ქართველი რეჟისორის თამარ შავგულიძის ფილმის „კომეტების“ ქართული პრემიერა შედგება. ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება. მხატვრული ფილმი ორი ქალის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.

მას შემდეგ, რაც ფილმის შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ჰომოფობიური ჯგუფები გააქტიურდნენ. როგორც ცნობილია, დღეს კინოჩვენების ჩაშლას სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალგაზრდული ცენტრი „ზნეობა“, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და „მოძრაობა ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ გეგმავს. მათი განცხადებით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლგბტ თემატიკის ფილმების ჩვენებას არ დაუშვებენ. ისინი კინოთეატრთან აქცია-პიკეტს მოაწყობენ, რასაც ყოველ სეანსზე გაიმეორებენ.  

აქციის ორგანიზატორებს დღევანდელი სეანსის ბილეთების შეძენაც სურდათ, თუმცა ჩვენებაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდული დახვდათ. ჰომოფობიური დაჯგუფებები ვარაუდობენ, რომ წინა შემთხვევის მსგავსად, დღესაც ვერ მოახერხებენ კინოთეატრში შესვლას, თუმცა გარეთ აუცილებლად იდგებიან.

საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელმა და ჰომფობიური აქციების ერთ-ერთმა  ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროტესტს ივანიშვილსა და მთავრობას გაუგზავნიან – მათ, ვინც კინოჩვენება დაუშვა. მისივე თქმით, ფილმი სექსუალური ხასიათის სცენებს არ შეიცავს, თუმცა მისი შინაარსი მიუღებელია, რადგან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ემსახურება. გურამ ფალავანდიშვილის თქმით, სეანსის ჩაშლის კონკრეტული გეგმა არ აქვთ. მისივე განმარტებით, რეჟისორ თამარ შავგულიძის ფილმის გარდა, ისინი სხვა ორ უცხოურ ფილმსაც გააპროტესტებენ.

როგორც ირკვევა, დღევანდელ საპროტესტო აქციაზე „ქართული მარში“, მმკ და ლევან ვასაძის მხარდამჭერები არ იქნებიან.

მსგავსი თემები