მოზარდ მაყურებელთა თეატრი 27 სექტემბერს, პირველად ქართული თეატრის ისტორიაში, წარმოადგენს სპექტაკლს „ბაში აჩუკი“, 3D-ში. სპექტაკლი აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილეს ეძღვნება.

დადგმის ავტორი გახლავთ რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, ინსცენირება ეკუთვნით მანანა გეგეჭკორსა და დიმიტრი ხვთისიაშვილს, სპეციალურად „ბაში აჩუკისთვის“ მუსიკა კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა, სპექტაკლის ქორეოგრაფიაზე ილიკო სუხიშვილმა და „სუხიშვილების სტუდიამ“ იმუშავეს, ხოლო 3D ტექნოლოგიასა და კოსტიუმებზე „კაკადუ სტუდიამ“ და დავით მაჭავარიანმა.

საგულისხმოა, რომ ილიკო სუხიშვილს ადრეც უმუშავია სპექტაკლისთვის ქორეოგრაფიის შექმნაზე. დადგმაში საკმაოდ ბევრი ცეკვის ეპიზოდია, მათ შორის სასიყვარულო სცენები, ჭიდაობის თუ სხვა.

რაც შეეხება დავით მალაზონიას, ის გერმანიაში წლების განმავლობაში მოღვაწეობდა და ბრემენის თეატრისთვის ქმნიდა მუსიკას. ამ სფეროში მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე „ბაში აჩუკისთვის“ დაწერილი მუსიკალური ნომრების მოსმენა ძალიან საინტერესო იქნება…

სიუჟეტი მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოში ვითარდება. ამბავი ყველა ქართველისთვის ცნობილია, საინტერესოა, როგორ გადაიტანს რეჟისორი ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ბაში-აჩუკის ამბავს თეატრის სცენაზე. როგორც ამბობენ, სპექტაკლი, ტექნოლოგიების დახმარებით და რეჟისორის ძალისხმებით, საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.

დადგმაში მონაწილეობენ: ბესო მეგრელიშვილი, შალვა ანთელავა, სოფიო ებრალიძე, გიორგი მაისურაძე, ნიკა ნანიტაშვილი და სხვანი.

27 სექტემბრის შემდეგ მაყურებელი მას იხილავს 2, 8 და 9 ოქტომბერს. 8 ოქტომბერს დადგმას თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარადგენენ. სპექტაკლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა.

 

11

მსგავსი თემები