საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციამ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკის სამინისტროს ნეგატიური როლი აღნიშნული სფეროს რეფორმის მიმდინარეობაში, რის შესახებაც გარკვეული მტკიცებულებები წარმოადგინეს.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტრო არჩევანის წინაშეა. მან ან რეფორმა უნდა ჩაგდოს, ან უარი თქვას მის მიერ ჩატარებული შერჩევის შედეგზე, რომლის მიხედვით გამოვლინდა კომპანია, რომელმაც ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში 51 ახალი ხაზი უნდა გამართოს. ასოციაცია მიიჩნევს, რომ შერჩევა მთელი რიგი დარღვევებით ჩატარდა და არა სახელმწიფო, არამედ, კერძო ინტერესს ემსახურებოდა.
„ინსპექტირების სფეროში ჩატარებული რეფორმა ბევრ კითხვას აჩენს. ეკონომიკის სამინისტრომ საფრთხის წინაშე დააყენა რეფორმა, როდესაც ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში შემოიყვანა „საქართველოს ბანკის“ და „ალდაგის“ შვილობილი „პრემიუმ რეზიდენსი“, მოგვიანებით „გრინვეი საქართველოდ“ წოდებული კომპანია, რომელსაც აღნიშნულ სფეროში არამხოლოდ თეორიული და ტექნიკური ცოდნა არ გააჩნია, არ აქვს შესაბამისი სერვის ცენტრები, არ ჰყავს მომსახურე პერსონალი, მათი შერჩევაც ახლახან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ „გრინვეი საქართველო” თავს ასაღებს უცხოური კომპანია „”Applus+“-ის პარტნიორად, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების სფეროში არანაირი საერთაშორისო გამოცდილება არ გააჩნია, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შერჩევის წესი სწორედ ამ გამოცდილებას მოითხოვდა, რის გამოც ჩვენი ასოციაციის ვერცერთმა წევრმა შერჩევაში მონაწილეობა ვერ მიიღო“, – აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა იორდანიშვილი.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მევლუდ მელაძე და ეკონომიკის სამინისტროსგან დაზარალებული კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა შორის იყო შპს “სასწავლო და საგამოცდო ცენტრი-პტი”, რომელმაც ერთი კვირის წინ ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო.
“გრინვეი საქართველოში” ასოციაციის ბრალდებების საპასუხოდ “ფორტუნასთან” აცხადებენ, რომ წლის ბოლოსთვის, ტენდერით განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 26 სადგური სრულ მზადყოფნაში იქნება. მათი განმარტებით, პარალელურად მიმდინარეობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და “გრინვეი საქართველოს “გუნდის წევრების მოძიება მთელი საქართველოს მასშტაბით.
„გრინვეი საქართველოს პარტნიორია მსოფლიოში ლიდერი კომპანია Applus+, რომელიც ტექნსპექტირების მიმართულებით 70 ქვეყანაში ოპერირებს. ამ მასშტაბის კომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და თავისთავად გულისხმობს, რომ გრინვეი საქართველოს მომსახურება იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომლის მთავარი უპირატესობა სწრაფი, სანდო, მოქნილი და უსაფრთხო სერვისის უზრუნველყოფა იქნება.
“გრინვეი საქართველომ” შეიმუშავა თანმიმდევრული გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად მიყვება; პირველ ეტაპზე, კომპანიამ ესპანეთში, Applus+ ცენტრალურ ოფისში გადაამზადა თავისი ტექნიკური გუნდი. პერსონალის პროფესიული განვითარება კომპანიის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მას ექნება სისტემატიური ხასიათი.
“გრინვეი საქართველომ” ასევე, პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა მსოფლიოში წამყვან, ავტოტექინსპექტირების აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიასთან Actia, რაც “გრინვეი საქართველოს” საშუალებას მისცემს ტექდათვალიერების პროცესი, ტექნოლოგიური კუთხით, პასუხობდეს ყველა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს,“ – აცხადებენ „გრინვეი საქართველოში“.
ბრალდებებს პასუხობენ ეკონომიკის სამინისტროშიც, “ფორტუნასთან” მათი მისამართით გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ განმარტავენ, რომ ინტერესთა გამოხატვა სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ყველას შეეძლო.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინტერესთა მოწვევის პროცესი გაახანგრძლივეს, მასში მონაწილეობა მხოლოდ „პრემიუმ რეზიდენსმა“ მიიღო, შესაბამისად, გამარჯვებულადაც აღნიშნული კომპანია გამოაცხადეს.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მეორე ეტაპზე, საქართველოში ახალი ინსპექტირების ცენტრების მშენებლობის და განვითარების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საჯაროდ და გამჭვირვალედ გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა, რომლის თანახმად, სამინისტრომ მოიწვია ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, ადგილობრივი ან საერთაშორისო კომპანია, რათა გამოეხატათ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების სურვილი და მონაწილეობა მიეღოთ შერჩევის პროცესში იმ პირობების გათვალისწინებითა და დაცვით.
“ტრანსპარენტულად გამოცხადებულ ინტერესთა მოწვევაში, წინადადებათა წარმოდგენის ვადის გახანგრძლივების მიუხედავად, სამინისტროში განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს „პრემიუმ რეზიდენსმა,“ რომელმაც დააკმაყოფილა მოწვევით დადგენილი პირობები.
“შესარჩევმა უწყებათაშორისმა კომისიამ აღნიშნული კომპანია გამოავლინა გამარჯვებულად, რის შედეგადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება სამინისტროს მიერ გამოცხადებულ მოწვევის პირობებს და შეიცავს მთელ რიგ ვალდებულებებს, მათ შორის კომპანიის ვალდებულებას, მიიღოს აკრედიტაცია ჯამში 51 ინსპექტირების ხაზზე და უწყვეტად შეინარჩუნოს იგი 10 წლის განმავლობაში.
“აღსანიშნავია, რომ ინტერესთა მოწვევაში, ერთ-ერთ ცენტრალურ პირობას საერთაშორისო გამოცდილებასა და სტანდარტების დამკვიდრება წარმოადგენდა, რისი მიღწევაც საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქვეკონტრაქტორის შემოყვანით იყო შესაძლებელი. შერჩევის პირობებით გათვალისწინებულ საერთაშორისო გამოცდილების ნაწილში, შპს “პრემიუმ რეზიდენსმა” აიღო ვალდებულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მოწყობა განახორციელოს მსოფლიოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში აღიარებული ესპანური კომპანიის “Applus Iteuve Technology, S.L.U” ტექნიკური მომსახურების საშუალებით.
“მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლამდე ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში აკრედიტებული იყო 27 ინსპექტირების ცენტრი, რომლებიც ფლობდნენ 37 ინსპექტირების ხაზს, ხოლო დღეის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აკრედიტებულია 40 ინსპექტირების ცენტრი, რომლებიც ფლობენ 89 აკრედიტებულ ინსპექტირების ხაზს. ეს ცალსახად მიუთითებს ბაზრის დივერსიფიცირებაზე და გამორიცხავს მონოპოლიის ხელშეწყობას“, – განმარტავენ სამინისტროში.