Iphone+ ოფიციალურად დაიხურა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მენეჯერმა კახა სეფაშვილმა განუცხადა, Iphone+-მა ქართულ ბაზარზე საქმიანობა დროებით შეწყვიტა და ოპერირებას ყადაღის მოხსნის შემდეგ განაახლებს.

”2 დღეა დავიხურეთ, მას შემდეგ რაც კომპანიის დამფუძნებელმა, მამუკა მარღიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. გავყიდეთ კომპანიის კუთვნილი ტექნიკა, ნაწილი კი მომწოდებლებს დავუბრუნეთ. თუმცა, ამით არ ვაპირებთ ყველაფრის დასრულებას. იმედი გვაქვს, რომ მალე მოეხსნება კომპანიას ყადაღა და შეძლებს ბაზარზე დაბრუნებას”, – განმარტა სეფაშვილმა. მისივე ინფორმაციით, იმავე სახელით, ანუ “აიპლუსით” უკვე დარეგისტრირდა ახალი შპს, რომელიც გაყიდვების სფეროში გამოჩენას უფრო დიდი და ამბიციური გეგმებით აპირებს.

როგორც Iphone+-ის მენეჯერმა აღნიშნა, კომპანია ახალი მაღაზიის გახსნას სხვა ადგილზე გეგმავს. აღნიშნული სავაჭრო ობიექტი უფრო ფართომასშტაბიანი იქნება.

შეგახსენებთ, კომპანია “აიფონ+” მისმა დამფუძნებელმა მამუკა მარღიშვილმა დატოვა. ამასთან, მარღიშვილი საქართველოდანაც გაემგზავრა. როგორც მან რამდენიმე დღის წინ „სკაიპ კონფერეციაზე“ განაცხადა, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეზე დაიწყო ინფორმაციის შეგროვება, მას თვალთვალი დაუწყეს.

“მივხვდი, რომ ჩემი ქვეყანაში დარჩენა დასრულდებოდა ან ჩემი დაჭერით ან ლიკვიდაციით. დაჭერა გაუჭირდებოდათ, რადგან ნარკოტკები არასოდეს მომიხმარია და ვერ დამაბრალებდნენ და ვერ ჩამიდებდნენ, რადგან არავინ დაიჯერებდა. ვერც იარაღს ჩამიდებდნენ, რადგან არც კრიმინალური წარსული მქონია. შესაბამისად, ერთი გამოსავალი რჩებოდათ ჩემი გაჩერების და ეს იყო ლიკვიდაცია”, – აღნიშნა მარღიშვილმა.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე ახალი მტკიცებულებები წარადგინეს, რომლებიც, მათი თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის კავშირს კომპანია „აიტექნიკთან“, რომლის გამოც სასამართლომ „აიფონ პლუსის“ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და კომპანია მილიონ 600 ათასი ლარით დააყადაღა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05