LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იქიდან არახამიას თავხედური განცხადება, აქედან დამონტაჟებული ვიდეო და ვითომ სკანდალია”, “დაასვენეთ ეს ადამიანი” – ვინ როგორ აფასებს ივანიშვილზე გავრცელებულ ჩანაწერს

179
Untitled design

25 აპრილს სოციალურ ქსელებში “კიბერ კმარას” მიერ გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც, ამ მომხმარებლის მტკიცებით, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარს მოიცავს.

სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ივანიშვილი და ევტუშენკოვი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ, იმისათვის, რომ მოიფიქრონ, როგორ აუარონ გვერდი დაწესებულ სანქციებს.

აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

ევტუშენკოვი: “ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან “ფეიკია”

აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ, დავით არახამიამ “ტელეგრამზე” განცხადებაც გაავრცელა და ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას მოუწოდა, ივანიშვილსა და მის აქტივებზე დასავლეთში პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

კობახიძე არახამიას პასუხობს: „ქართველი იანუკოვიჩი, კრიმინალი სააკაშვილი, მოიკითხოს თავისთან, უკრაინის ხელისუფლებაში“

“ქვეყნის მთავარ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ახლახანს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერებით.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის არსი უბრალოდ კრემლის მითითებების შესრულებაა. ეს არის მათი რიტორიკის მიზეზი, რომ არ აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები და დაეხმარონ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში”, – განაცხადა არახამიამ.

 

 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. 

ხელისუფლებაში აუდიოჩანაწერს დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჩანაწერები ავთენტურია.

მმართველ გუნდში იმასაც ამბობენ, რომ ჩანაწერის ავთენტურობის შემთხვევაში, პრობლემას ვერ ხედავენ, რადგან ამ საუბარში კანონსაწინააღმდეგო არაფერია.

ზოგი კი საუბარს კონსულტაციას უწოდებს და ამბობს, რომ “ერთი მეგობარი მეორე მეგობარს ურეკავს, ეს არის და ეს”.

ერთ-ერთი პირველი, ვინც გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იყო:

“მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში და საქართველო ჩათრეული იქნეს ომში. ყველაზე კარგი რაც იყო, ჩვენ გუშინ ვიზუალურად ვიხილეთ როგორ მზადდება და როგორ ხდება ამ დეზინფორმაციული კამპანიის განხორციელება. ე.წ. რაღაც ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი ყურით და თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია…

არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჩანაწერები ავთენტიკურია. თუკი საუბრებია, ამას ფაქტებიც ხომ უნდა მოჰყვეს? ასეთი არაფერი არ არის. ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ადრესატმა”, – თქვა პაპუაშვილმა.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, თუ ჩანაწერი ავთენტურია, ამაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია:

ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის, მეორე – ავთენტური რომც იყოს, აქ, ბუნებრივია, არაფერზეა საუბარი, რომც დავუშვათ, რომ ეს არის ავთენტური – საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე.

თქვენ იცით, რომ საქართველოს აქვს ოფიციალურად დაფიქსირებული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, ანუ ხდება პროდუქტის ექსპორტირება და იმპორტირება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერი და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში”, – აცხადებს კობახიძე.

უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც არსებობენ ძალები, რომლებსაც საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა სურთ:

“კითხვები ჯერ ჩანაწერების ავთენტურობაზეა. თუნდაც, თეორიულად ავთენტური რომ იყოს, იქ საუბარი იმაზე არ არის, რასაც ოპოზიცია საუბრობს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ ქვეყნის არეულობა, სამხედრო კონფლიქტში ჩართვა. მათ შორის პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის მოხსენიებით და ა.შ. ამ პროვოკაციებს არ ავყვებით”, – განუცხადა მაჭარაშვილმა “პირველ არხს”.

დღესვე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ჩანაწერებთან დაკავშირებით ოპოზიციას მიმართა და მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილი დაასვენონ:

“დაასვენეთ ეს ადამიანი, წასულია პოლიტიკიდან და აგრძელებს ქველმოქმედებას. შეეშვით და გვესაუბრეთ ჩვენ, “ქართულ ოცნებას”. რაზე გვესაუბრებით, ტელეფონის ჩანაწერზე? ტელეფონის ჩანაწერები განვიხილოთ პარლამენტში? სალომე სამადაშვილი აქ ბრძანდება, ახლა რომელიმეს ტელეფონის ჩანაწერზე უნდა ვისაუბროთ? ან გუბაზ სანიკიძის? ან თემურ ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის? და ეს საუბრები განვიხილოთ აქ? ეს არის სერიოზული დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ?” – განაცხადა ყაველაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციის რადიკალურ ფრთას არ აქვს შანსი, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს.

“სკანდალებს ქმნიან არაფრიდან და უნდათ ამ სკანდალზე ყველაფერი ააწყონ. იქიდან არახამიას თავხედური განცხადება, აქედან დამონტაჟებული ვიდეო და ვითომ სკანდალია შექმნილი, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ზოგად ვითარებას აფასებს “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩიაც და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” თავს კარგი ამბავი არ ხდება”:

“ერთიანობაში ვუყურებ კონტექსტს – არახამიას, არესტოვიჩის განცხადებებს, აუდიოჩანაწერს, სადაც ადამიანები რაღაცაზე საუბრობენ და მერე საკითხის გასარკვევად აგზავნიან პრემიერთან. მე არ ვიცი ამის გაგრძელება, მაგრამ ერთობლიობაში კონტექსტს თუ შევხედავთ, კარგი ამბავი არ ხდება “ქართული ოცნების” თავს და ნაცვლად იმისა, ვინც არ მოსწონთ “ნაცობას” აბრალებდნენ, უნდა ისხდნენ და ხსნიდნენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმას, რომ არ არის პრორუსული მთავრობა, უკრაინას გულშემატკივრობენ და არ იმსახურებს დასანქცირებას არც ქვეყანა და არც მმართველი ისტებლიშმენტი.

თუ სანქციები მაღალჩინოსნებს შეეხო, გამოვა, რომ პრორუსული ქვეყანა ვართ. მე არ ვგულშემატკივრობ ვინმეს დასანქცირებას, რადგან არავინ გაარკვევს დეტალებს, გამოვა რომ საქართველოს პრორუსული კურსი აქვს და ახლა რუსების მხარდამხარ იბრძვიან, თუ ასეთ შარში ამოვყავით თავი, ეს დიდი ხნით შეუშლის ხელს ამ ქვეყნის განვითარებას”, – თქვა ხვიჩიამ.

„მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ თუ აუდიოჩანაწერი ავთენტურია და დასავლური დაზვერვის მიერ არის მოპოვებული, მას გაგრძელება აუცილებლად ექნება.

წარმოუდგენელ რისხვას დაიტეხს თავს ბიძინა ივანიშვილი თუ ის სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ეკურკურება, – ამბობს ელისაშვილი.

ამასთან, ელისაშვილი მიიჩნევს, რომ სანქციები ქვეყანას არ შეეხება, რადგან უცხოელი პარტნიორები კარგად არჩევენ ერთმანეთისგან “ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მოსახლეობის ინტერესს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g