ისრაელმა დაიწყო პროცესი, რომელიც ქართველებს საკუთარ სამშობლოში დააბრუნებს. ამის შესახებ, უცხოური მედია, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტროზე დაყრდნობით იუწყება. ეს პროცესი ეხება მათ, ვინც ისრაელთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლა და ქვეყანაში უკანონოდ დარჩა.

ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ისრაელში არალეგალების ძალიან მცირე ნაწილია აფრიკული ქვეყნებიდან.

საქართველოდან და უკრაინიდან უცხოელი ტურისტების რიცხვმა, რომლებიც არალეგალურად დარჩნენ ისრაელში, აფრიკელი არალეგალების რიცხვს გადააჭარბა.

მისი ინფორმაციით, ისრაელში სულ 39 000  არალეგალია აფრიკიდან (ამ სტატისტიკაში არ იგულისხმება ბავშვები), და 79 ათასი ტურისტი, რომლებიც ისრაელში ჩამოვიდნენ და ვადაზე დიდხანს დარჩნენ, უმეტესობა — საქართველოდან და უკრაინიდანაა.

როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოში მუშაობენ ფირმები, რომლებიც ისრაელში დასაქმების სანაცვლოდ თანამოქალაქეებისგან გარკვეულ თანხას იღებენ და შემდეგ მათ თავშესაფრის სათხოვნელად აგზავნიან.

ამის გამო, ისრაელმა საქართველოდან პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთათვის წესები გაამკაცრა.

მიმდინარე წლის 17 აპრილიდან ისრაელის მთავრობა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას მომენტალურად ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფით პასუხს მიიღებენ.

2017 წლის თებერვალში ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ,  რეალური მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარს ეუბნებიან.

ისრაელის შს მინისტრმა განმარტა, რომ ქვეყანას სამუშაოს მაძიებელი არალეგალების მიღება არ შეუძლია.

მსგავსი თემები