ჯანდაცვის სასწავლო ეროვნულ ცენტრში მინისტრის დახურული შეხვედრა გაფიცულ სოცმუშაკებთან 4 საათის შემდეგ დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მისი აზრით, გაფიცვა ხვალიდან დასრულდება.
მისივე თქმით, არცერთი კითხვა შეხვედრაზე პასუხგაუცემელი არ დარჩენილა.
„ვფიქრობ, გაფიცვა დასრულდება. საბოლოო შეთანხმება ასეთია: უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ და გავაანალიზეთ. მათი პოზიცია იყო, რომ რა შეთანხმებასაც მივაღწიეთ, ამას დოკუმენტის სახით გააცნობენ სოციალურ მუშაკებს, მოისმენენ მათ მოსაზრებებს და გაფიცვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ,” – განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, სოც. მუშაკებისთვის ხელფასების გაზრდა კანონით განსაზღვრულია და ის დღეიდან 9 თვეში უნდა მოხდეს. სერგეენკოს თქმით, სოციალური მუშაკების ხელფასი ამ ვადის შემდეგ, 1200 ლარი იქნება. სერგეენკოს განცხადებით, დაიწყება ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებაც.
