კომპანია “ჯონსონ ენდ ჯონსონი” აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებულმა ერთდოზიანმა ვაქცინამ გამოცდის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და ის უსაფრთხო და ეფექტიანია.
მიღებული პოზიტიური შედეგების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციაში (FDA) ამბობენ, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს გადაუდებელი გამოყენების ლიცენზიისთვის აუცილებელ მოთხოვნებს და ის გადაუდებელი გამოყენებისათვის, შესაძლოა, კვირის ბოლოს დამტკიცდეს.
კომპანიამ გლობალური კვლევა გასულ თვეში ჩაატარა, მასში თითქმის 44 000 ადამიანი მონაწილეობდა.
კვლევის შედეგებმა კი აჩვენა, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა 66%-იანი ეფექტიანობით იცავს ადამიანს კოვიდ-19-ით ინფიცირებისგან.
კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ ცდების შედეგად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გართულებები არ გამოვლენილა არც ერთ ჯგუფში, მათ შორის, არც ასაკობრივ და თანმხლები დაავადებების მქონეთა კატეგორიებში.
შეემატება თუ არა სამედიცინო ბაზარს კიდევ ერთი ახალი ვაქცინა, რომელიც ჩაერთვება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მალე გახდება ცნობილი – წამლის მარეგულირებელი ჯგუფის დამოუკიდებელი ექსპერტები ხვალ შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ, რეკომენდაციების შემდეგ, დამტკიცებენ თუ არა ვაქცნიას გადაუდებელი გამოყენებისთვის.