LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონსონი გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა: „ამაყი ვარ, რომ შევასრულე დაპირებები – დროა ყველა ლიზ ტრასის და მისი პროგრამის ირგვლივ გავერთიანდეთ“

62
ბორის ჯონსონი

„სკეპტიკოსების მიუხედავად, ახალი მთავრობა მოსახლეობას ენერგოკრიზისს დააძლევინებს. ვიცი, რომ დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ხალხს ამ ზამთარს გადაალახინებს. რუსეთის პრეზიდენტის არ შეუძლია ბრიტანელი ხალხის ენერგოკრიზისით დაშინება, ის მწარედ ცდება, როდესაც ფიქრობ, რომ ეს შეუძლია“, –  ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საკუთარ სიტყვაში ბრიტანეთის ექსპრემიერმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რასაც ის მხარს უჭერდა, შეეძლო, ომის მიმდინარეობა შეეცვალა. როგორც მანვე აღნიშნა, ახლა ის დედოფალთან გაემართება, სადაც უფლებამოსილებას ახალ ლიდერს გადააბარებს.

ამასთან, ბორის ჯონსონის შეფასებით, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის არჩევა იყო მოულოდნელი ესტაფეტა, სადაც წესები შუა გზაში შეცვალეს. სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა ასევე მოსახლეობას და „კონსერვატიულ პარტიას“ ერთიანობისკენ მოუწოდა.

„არის რთული დრო ეკონომიკისთვის, რთული დროს ოჯახებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ გადავლახავთ ამას და უფრო გავძლიერდებით. მინდა, ვუთხრა ჩემს თანაპარტიელ კონსერვატორებს.

დროა, პოლიტიკა დასრულდეს, დროა, რომ ყველა გავერთიანდეთ ლიზ ტრასის, მისი გუნდის და მისი პროგრამის ირგვლივ და ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე დაპირებები შევასრულოთ, რადგან ეს არის, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობას სურს, სჭირდება და რასაც ისინი იმსახურებენ. მე ამაყი ვარ, რომ შევასრულე დაპირებები, რომლებიც ჩემი პარტიის წინაშე დავდე, როცა თქვენ ამირჩიეთ 1997 წლის შემდეგ ხმათა ყველაზე დიდი უმრავლესობით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

რაც შეეხება სამომავლო კარიერას, ჯონსონს კონკრეტული მიზნები არ დაუსახელებია. მან საკუთარი თავი რაკეტა-მატარებელს შეადარა, რომელმაც საკუთარი ფუნქცია შეასრულა.

“მადლობა და Hasta la Vista, Baby!” – ბორის ჯონსონის გამოსამშვიდობებელი სიტყვები პარლამენტში

„რბილად დავბრუნდებოდი ატმოსფეროში და შეუმჩნევლად დავეშვებოდი სადმე, წყნარი ოკეანის მოშორებულ და შეუმჩნეველ კუთხეში“, – აღნიშნა ჯონსონმა.

დასასრულს, ჯონსონმა მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს და ოჯახს. მან ასევე ახსენა თავისი ძაღლი დილინი და პრემიერის ოფისში მცხოვრები კატა ლარი. ჯონსონის თქმით, თუკი ძაღლს და კატას შეუძლიათ პერიოდულად წარმოქმნილი სირთულეების გადალახვა, „კონსერვატიული პარტიაც“ შეძლებს ამას.

ბორის ჯონსონმა ასევე მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, რომ მისცეს შანსი, ქვეყნისთვის ემსახურა.

შეგახსენებთ, რომ „კონსერვატიულმა პარტიამ“ ახალ ლიდერად საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი გუშინ აირჩია. ახლა დედოფალმა პრემიერს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება უნდა დაავალოს.

ლიზ ტრასი მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ, ბრიტანეთის ისტორიაში მესამე ქალი პრემიერი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები