საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა. სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მოადგილეები იქნებიან: კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია.
წულუკიანმა მოადგილეებს მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
წულუკიანმა პირველ მოადგილედ კახა სიხარულიძე წარადგინა.
„ბატონი კახა ჩვენ ოთხს შორის ყველაზე პატივსაცემი ადამიანია, მას, ჩვენ შორის აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება საჯარო სფეროში მუშაობისა და ასევე აქვს პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნის ჩვენზე მეტი გამოცდილება. ბატონი კახა სიხარულიძე გახლავთ კარიერული დიპლომატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანი მინისტრად პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად დაინიშნა. მის დანიშვნას ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 19 მარტს მოაწერა. პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.