პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განაცხადებით, კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანასწორი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეზეა საუბარი. ელისაშვილი ამ განცხადებით ნიკა მელიას გირაოს საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ მელიას ბრალი პოლიტიკურადაა მოტივირებული.
„არ მგონია, რომ მელიას მხარდამჭერებისთვის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის უმჯობესი იყოს, რომ ნიკა მელია გირაოს თანხის არგადახდის გამო, ციხეში იჯდეს, ვიდრე გარეთ იყოს. ვინ რის გადახდას აპირებს, სიმართლე გითხრათ, ეგ არ ვიცი, ნიკა მელიასგან მოვისმინე. ცოტა ღიმილისმომგვრელი იქნება, გირაოს თანხა რომ არ გინდა გადაიხადო და ვიღაც სხვა დაჟინებით გიხდის.
თავად ბრალი აბსურდულია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, მაგრამ აქ ხომ ამაზე არ არის საუბარი, ბრალის გამო პირდაპირ ჩასმაზე. გირაოს არგადახდის გამო მზად ვარ ციხეში წავიდე – რაღაცნაირად უცნაურად ჟღერს“. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ მისთვის შეფარდებულ გირაოს არ გადაიხდის. მან “საქართველოს ბანკსაც” მიმართა და აღნიშნა, რომ გირაოს გადახდის მიზნით, თუ მის სასარგებლოდ ანგარიშზე თანხა ჩაირიცხება, ეს მისი უფლებების შელახვა იქნება.
მელია: ვინც თითქოს ჩემს სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს თანხას, იქნება ჩემი მტერი