კარტოფილის ფრთები „ფრეკოსგან“ – ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდა სლოგანით „გაფრთიანდი“.
კარტოფილის ფრთები დაჭრილ, კანიან კარტოფილს წარმოადგენს, რომელიც ნახევრად შემწვარია, ამასთან შეკმაზულია ნატურალური სუნელებით და შოკურად გაყინულია.
როგორც „ფორტუნას” კომპანია „ფრეკოს“ დამფუძნებელმა ირაკლი ქურდაძემ განუცხადა, კარტოფილის ფრთები რამდენიმე დღეა, რაც გაყიდვაში ჩაეშვა, ის 750 გრამიან პოლიეთილენის შეფუთვაშია და 4 კაცის პორციას წარმოადგენს, ღირებულება კი 4.5 ლარია.
“ეს არის ჩვენი მესამე პროდუქტი (კარტოფილი ფრისა და კარტოფილის სახამებელის შემდეგ), რომელსაც „ფრეკოს“ ბრენდის ქვეშ ვაწარმოებთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წელს იგეგმება წარმოების გაფართოების პროექტის ჩამოყალიბება. რადგან მოთხოვნა დიდია ჩვენს პროდუქტებზე, გვინდა გავაფართოვოთ როგორც წარმოება, ასევე ნედლეულის მომწოდებელი ფერმერების ბაზაც და დავაკონტრაქტოთ უფრო მეტი“, – აღნიშნა ირაკლი ქურდაძემ.
შეგახსენებთ, ”ფრეკოს” პროდუქციის მწარმოებელი ქარხანა ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში მდებარეობს და ის ოფიციალურად 2017 წლის იანვარში ბოლოს გაიხსნა. კომპანიამ 1400 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა სახელმწიფოსგან სიმბოლურ თანხად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიიღო. ქარხანაში ჯამში 400 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„ფრეკოს“ ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქცია იყიდება თბილისში, ახალციხესა და ბაკურიანში („ფრეკოს“ მაღაზიებში, „გუდვილის“ ქსელში, აგროჰაბში, მალე პროდუქცია „ნიკორას“ ქსელშიც შევა) . მომავალ წელს კი იგეგმება საქართველოს დანარჩენი რეგიონების ათვისებაც.