LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხანგრძლივვადიანი საომარი მოქმედებები იქნება” – ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, რა ვითარებაა ახლა ფრონტის ხაზზე, სად არის კონცენტრირებული რუსული არმია და როდის შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი

162
BeFunky-collage (12)

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან 3 თვე გავიდა.

ამჟამად, მთავარი მოვლენები კვლავ ქვეყნის აღმოსავლეთში ხდება.

რუსული არმია განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს, გავიდეს ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე.

აღნიშნულ თემაზე, რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა (გადამდგარი) ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრა. 

„რუსეთის საწყისმა მიზნებმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა, ახლა კონცენტრირებული არიან ლუგანსკის საზღვარზე გასვლისთვის.

რადგანაც ვერ განავითარეს იზიუმის მიმართულება და ვერ შეძლეს განეხორციელებინათ საშუალო რკალი დონბასის დაჯგუფებისთვის რომ შემოერტყათ ალყა ნაწილობრივ მაინც, სლავიანსკის და კრამატორსკის ბლოკირებით, მათ კიდევ უფრო შეამცირეს თავიანთი ამოცანები და ამჟამად კონცენტრირებულები არიან რომ გავიდნენ ლუგანსკის საზღვარზე.

რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ თუ სევეროდონეცკს აიღებენ, მაშინ გასულები არიან ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე.

პროპაგანდისტების დახმარებით, გარკვეული დასახული მიზნების მიღწევას ალბათ გაახმოვანებს რუსეთის შეიარაღებული ძალები.

ამჟამად მიმდინარეობს ბრძოლები სევეროდონეცკის გარეუბნებში, რუსული ძალები უკვე იქ შევიდნენ.

მდინარის მეორე მხარეს არის ლისიჩანსკი, ცდილობენ ამ ორი დასახლებული პუნქტის ალყაში მოქცევას.

შეტევის მიმართულება ძირითადად არის სევეროდონეცკზე.

მდინარეზე არის 3 ხიდი, რომელიც აკავშირებს სევეროდონეცკს ლისიჩანსკთან, აქედან ერთი ხიდი რუსებმა გამოიყვანეს წყობიდან, მეორე ხიდი მათი საარტილერიო ზონაში ხვდება და რჩება, ერთი ხიდი, რომელსაც იყენებენ სევეროდონეცკის მომარაგებისთვის.

ძალიან მძიმე ვითარებაა, დიდი შანსია, რომ სევეროდონეცკი მოექცეს ალყაში.

ამდენად, უკრაინის ხელმძღვანელობას სასწრაფოდ აქვს გადასაწყვეტი, გააგრძელებენ ალყაში ბრძოლას ბოლომდე, თუ გამოიყვანენ დანაყოფებს და გაასწორებენ თავდაცვის ხაზს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსეთის მიზნებმა გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა…

რას ცდილობს რუსეთი ამჟამად, მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დაცვას შეეცდება? 

რა სტრატეგია აქვს ამჟამად ოკუპანტ ქვეყანას?

ამჟამად, მეტს ვერ წვდება, ნებისმიერი ლოკალური შეტევა შეიძლება იყოს მაჩვენებელი, თავდაცვაზე გადასვლის, რასაც რუსები, ფაქტობრივად, ახორციელებენ.

ახლა წარმოიდგინეთ, საბოლოოდ განაცხადეს რუსებმა, რომ ჩვენი მიზანია, ყირიმიდან სახმელეთო დერეფნის გაყვანა, რუსეთამდე, დენაციფიკაცია და ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა.

დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა მათ ძალიან გაუჭირდებათ, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, მაგრამ ლუჰანსკზე, ფაქტობრივად, გასულები არიან და შეიძლება, ეს გაახმოვანონ კიდეც როგორც თავისი წარმატება.

რუსები ახლა შეეცდებიან დაკავებული ტერიტორიების დაცვას, ვინაიდან უკრაინელები არ შეურიგდებიან ამხელა ტერიტორიების დაკარგვას.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის თქმით, მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რომ ბრძოლაში წყალქვეშა გემები, ფლოტი და სხვა საბრძოლო კომპონენტები ჩართოს.

ამჯერად, რამდენად არის მოსალოდნელი რუსეთისგან საზღვაო ძალების გაძლიერება?

საზღვაო ძალებს ვერ გააძლიერებენ, იმის გამო, რომ ბოსფორი დაკეტილია და თურქეთი არ უშვებს რუსულ სამხედრო ხომალდებს.

დაჯგუფება, რომელიც მოძრაობას შავ ზღვაში, მათკენ გაემართა კიდევ ერთი კრეისერი, რომელიც ალბათ თავის თავზე იღებს ფლაგმანის ფუნქციებს, „მასკვას“ ჩაძირვის შემდეგ.

მე მაინც მგონია, რომ დესანტის გადმოსხმას ისინი ვერ შეძლებენ, ვერ შეძლეს მაშინ, როდესაც ყველაზე დიდი ძალები ჰყავდათ შავ ზღვაში.

მას შემდეგ რაც 3 სადესანტო ხომალდი დაკარგეს, არა მგონია დესანტისთვის კიდევ ჰქონდეთ განწყობა.

თუმცა, ისინი აქტიურად ახორციელებენ სარაკეტო დარტყმებს და წყალქვეშა ნავების აქტიურად ჩართვა აი ამ პროცესში, ეს მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ წყალქვეშა ნავით, ფაქტობრივად, დაუზიანებლად შეიძლება აწარმოო სარაკეტო დარტყმები, ვინაიდან, უკრაინას არ გააჩნია საზღვაო ძალები, რითაც შეძლებს წყალქვეშა ნავებზე ზემოქმედებას.

ამჟამად, ეს ხომალდები დგანან 200 კილომეტრის დაშორებით ხმელთაშუა ზღვიდან, უფრო ახლოს ვერ მიდიან, ვინაიდან, ეშინიათ „ნეპტუნის“ და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების, რომელიც უკრაინას გააჩნია.

ამჟამად, მე გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა გაბედოს და ოდესასთან გადასხას დესანტი, ძალიან დიდი დანაკარგის ფასი ექნება ამას მათთვის.

თუმცა, ვუშვებ იმას, რომ შეეცადონ ბესარაბიაში გადასხმას, ეს არის ოდესის სამხრეთი.

რათა დნესტრისპირეთთან გარკვეული კავშირები დაამყარონ.”

როგორ ფიქრობთ, რა არის უკრაინის ომის დასრულების საუკეთესო და ყველაზე უარესი სცენარები?

მესმის რთულია ამის თქმა, მაგრამ საინტერესოა როგორია თქვენი პროგნოზი, ომის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით?

ჩემი აზრით, ახლა იქნება კიდევ ერთი ოპერატიული პაუზა, მესამე ეტაპისთვის მზადება.

ამჟამად რუსეთს არ შეუძლია ფართომასშტაბიანი შეტევების განხორციელება და შეეცდება, რომ გადავიდეს თავდაცვაში, ოღონდ ეს არ გამორიცხავს ლოკალურად შეტევების განხორციელებას.

უკრაინა კი ჯერ არ არის მზად განახორციელოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა.

საუკეთესო ვარიანტი უკრაინის გამარჯვებაა და გათავისუფლებაა აღნიშნული ტერიტორიების, ყირიმის ჩათვლით, ხოლო ცუდი სცენარი შეიძლება იყოს ის, რომ რუსეთმა მოიგერიოს, მომძლავრდეს და მესამე ეტაპზე, შეეცადოს ოდესის მიმართულებიდან გაჭრას კავშირი დნესტრისპირეთთან, რათა შავი ზღვა მოკვეთოს უკრაინას.

ჩემი პესიმისტური პროგნოზით, ეს საკმაოდ ხანგრძლივვადიანი საომარი მოქმედებები იქნება,“ – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები