დღეს „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბიზნესმენი თემურ ჭყონია წალენჯიხასთან დაკავშირებით მის გეგმებს იზიარებს.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „ფორტუნა“ დაუკავშირდა თემურ ჭყონიას.
„მე ხაზარაძეს მივწერე ეს წერილი, კი არ მითქვამს, გაასაჯაროვე – მეთქი“. – განაცხადა ჭყონიამ „ფორტუნასთან“ საუბარში და დასძინა,
„არც მის გვერდით ვდგავარ და არც არავის გვერდით არ ვდგავარ. ყველაფერი ჩაიწერე, დეტალურად აგიხსნი, რისი თქმა მინდა:
30 წლის განმავლობაში არ ვიცოდი, როგორი იყო თვითმმართველი მერი, ყველა მერი დამოკიდებული იყო ზემდგომებზე და ახლა აღმოჩნდა თვითმმართველი რეალური მერი, რომელიც თავისი გამოსვლებითა და მიდგომებით მომეწონა. მინდა, რეალურად თვითმმართველი მერი ვნახო.
"მეც მოგყვები წალენჯიხაში" - რა მისწერა ჭყონიამ ხაზარაძეს
„მაგარი კაცი ხარ თემურ, მადლობა, ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ“- ხაზარაძე
ეს არ ნიშნავს ვიღაცის წინააღმდეგ წასვლას და არც ოპოზიციონერობას.
ჩვენ მივდივართ წალენჯიხაში თვითმმართველობის სწორედ გამოყენებისთვის და არა ვიღაცის წინააღმდეგ.
მინდა, ვაჩვენო, რომ თვითმმართველობა და ინტელექტუალური კოალიცია არის სწორი გზა. ეს არის ჩემი მიზანი.
მე იქ ბიზნესი არ გადამაქვს. „ლეგოს“ ქარხანა კი არ მაქვს, დავშალო და ავაწყო.
რა ინტერესი მაქვს?
1.ტელევიზიაში ვნახე, რომ ბავშვთა სტადიონი არაა. შესაძლებელია, მათ სტადიონი გავუკეთო.
2. შესაძლებელია, განათლების სისტემაში ჩავერიო.
3.შესაძლებელია, ისეთ თემებში ჩავერიო, რაც ახალგაზრდების განათლებასა და მენტალიტეტზე იმოქმედებს.
რა თქმა უნდა, არიან ბიზნესები, რომლებიც საჭიროებენ ჩემს კონსულტაციებს.
წალენჯიხაში ნამყოფი არ ვარ სამწუხაროდ და მიკვირს ჩემი თავის. არ ვიცი, რატომ არ ვარ ნამყოფი, არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს იქ.
რამდენი მერია საქართველოში, არც ერთ მერს ვიცნობ ამის გარდა.
ქობულეთში მაქვს სასტუმრო, როგორც იცით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქობულეთში ბიზნესი მაქვს გადატანილი.
იქაც მინდა რაღაცების შეთავაზება გავაკეთო.
მაგრამ წინა მერების შემთხვევებში გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველი ჰქვია. დამოკიდებულები არიან ზემდგომებზე და ზემდგომის ზემდგომებზე“. – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბარში ჭყონია.
ფიქრობთ, რომ არ გაგიჭირდებათ წალენჯიხაში პროექტების განხორციელება?
შეიძლება გამიჭირდეს. მინდა, ჩემი თავი გამოვცადო, მაინტერესებს, როგორ იქნება თვითმმართველ მერთან მუშაობა.
ხაზარაძე აპირებს წალენჯიხაში ბინა შეიძინოს. თქვენც ხომ არ გეგმავთ?
თუ მომეწონა და კარგი ფასი იქნება, მეც შევიძენ, თუ დამჭირდა. შეიძლება ისეთი სტუმართმოყვარე ხალხია, არ დამჭირდეს ბინის შეძენა და ღამე გამათენებინონ. ტაძარია არაჩვეულებრივი, როგორც ვნახე წალენჯიხაში მაცხოვრის ფერისცვალების, მე-10 საუკუნის. მინდა, მოვინახულო და დავეხმარო, თუ რამით შევძლებ. მინდა, ჩავერიო ისეთ ამბებში, სადაც თვითმმართველი მერი მიიღებს დამოუკიდებელ და სწრაფ გადაწყვეტილებებს.
მე ვფიქრობ, რომ ამ მერის ასეთი გადაწყვეტილებები შემდეგ სხვა მერებზეც „გადავიდეს“.
არსებობენ პროგრესულად მოაზროვნეები, ყველა პარტიული ნიშნით ხომ არ ფიქრობს.
მე ვინმეს კი არ ვეჯიბრები, მომწონს, რომ პირველად 30 წლის განმავლობაში თვითმართველობის სწორი დანიშნულების მაგალითი გვაქვს.
თვითმმართველობა აქვს ყველას, მაგრამ რეალურად არავინ არის თვითმმართველი“. – განმარტავს ჭყონია.
ბიზნესმენმა “ფორტუნასთან” ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების მიუხედავად, “მაინც ყველაფერი არეულია”.
„ყველაფერი არეულია. არჩევნები დამთავრდა, მაგრამ მაინც ყველაფერი არეულია.
ერთ-ერთი უსერიოზულესი მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში გადაიყვანონ, სადაც სრულყოფილი მკურნალობა ჩაუტარდება – ვფიქრობ, ეს ისეთი ადამიანური, ჰუმანური მოთხოვნაა, რომ ამის შეუსრულებლობა არ შეიძლება.
მისი გათავისუფლება კი რთული იქნება, რადგან სასამართლო პროცესები დაწყებულია და ასე ხელაღებით შეიძლება ვერ გაათავისუფლონ.
მაგრამ ის, რომ სიკვდილის პირას მისულია ადამიანი და საჭიროებს დახმარებას, ჯიბრში ჩადგომა სწორი არ მგონია,“ – ამბობს ჭყონია „ფორტუნასთან“.