LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელების ბრაგუნი და პასუხის მოთხოვნა არ გვინდა: საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრამ ხმაურით ჩაიარა

101
Untitled-25

საკრებულოს შენობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს შეხვდნენ. ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და ლილე ლიპარტელიანი ტყემალაძესთან ერთად, უმრავლესობის საკრებულოს დეპუტატებს, რიმა ბერიძესა და ბექა დავითულიანსაც ესაუბრნენ. შეხვედრა გიორგი ტყემალაძის სამუშაო კაბინეტში გაიმართა.

ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია, ისინი საკრებულოს თავმჯდომარისგან კვლავ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან წასვლას მოითხოვენ. აღნიშნულ მოთხოვნას კი ხმაური მოჰყვა.

ხმაური საკრებულოში - აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში აქციას მართავენ (ვიდეო)

დაცვის თანამშრომლები და სამართალდამცველები პროტესტის მონაწილეების შენობიდან გაყვანას ცდილობენ.

გიორგი ტყემალაძემ განმარტა, რომ უმრავლესობის გუნდი კუხიანიძის პოზიციას და განცხადებებს ემიჯნება. მისივე თქმით, საკრებულოს დეპუტატის საქმეს უახლოეს პერიოდში, უმრავლესობის სხდომაზე განიხილავენ. სწორედ სხდომაზე გადაწყდება დატოვებს თუ არა მანდატს კუხიანიძე. როდის გაიმართება უმრავლესობის შეხვედრა, ტყემალაძე არ აკონკრეტებს.

„ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას. პასუხს ვაგებთ იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც მივიღებთ. ახლა კი, ხელების ბრაგუნი და პასუხის მოთხოვნა არ გვინდა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელბი და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. მათ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს, კარავი გაშალეს და დეპუტატის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციას დაცვის თანამშრომლებთან და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად, აქტივისტები კაბინეტიდან გაიყვანეს. მათგან ოთხი დააკავეს.

პოპულალურები