LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნების მუზეუმში მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

197

6 მარტს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან“ და გაიმართა ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში დაცული ქართული და მსოფლიო ხელოვნების უნიკალური ნიმუშები – ბერნანდო დადის, ლუკას კრანახის (უფროსი), გვიდო რენის, იან სტენის, იაკობ ვან რეისდალის, ივან აივაზოვსკის, ოგიუსტ როდენის, პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკის, რობერტ ფალკის ნამუშევრები; ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის შედევრები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ნამუშევრები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყველა კოლექციიდან და აღსანიშნავია, რომ ამ კონცეფციით ბოლო ათწლეულების განმავლობაში მათი წარდგენა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად ხდება.

დამთვალიერებელი გაეცნობა ქართული ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს: ღვთისმშობლის მცირე კარედი ხატი უბისიდან (XIV), აპოკალიფსი – იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, II-III საუკუნეების ჭვირული ბალთები ჭიათურიდან; ქვის, ძვლის, ლითონისა და თიხის სხვადასხვა დანიშნულების არტეფაქტები უფლისციხის არქეოლოგიური გათხრებიდან; ყურანის ხელნაწერის თავფურცელი; ყაჯარული მხატვრობის უნიკალური ნიმუში, სვეტიცხოვლის კანკელის ფილა, V-VI საუკუნეების სტელა ბოლნისის ტაძრიდან და მრავალი სხვა.

გამოფენის პარალელურად დამთვალიერებელი გაეცნო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის განვითარების გეგმას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები