თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი მიმდინარეობს, მამუკა ხაზარაძე და საქმის პროკურორი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის გამოც დარბაზში ვითარება დაიძაბა.
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, საქმეში ოთხი წინააღმედგობაა: ეს არის დაცვის მხარის არგუმენტი, თითქოს სესხი იყო ხანდაზმული; თითქოს თანხის ეროვნულ ვალუტაში კონვერტაცია განხორციელდა იმის გამო, რომ აკრძალული იყო უცხოურ ვალუტაში გადარიცხვა; არსებობდა ჯენტლმენური შეთანხმება; თითქოს „მარტელო ჯგუფის“ შემოსვლა იყო რეალური ოპერაცია. ბრალდება ამტკიცებს, რომ ეს კომპანია ოფშორულია.
პროკურორის გამოსვლას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბრალდებულებმა მას სიტყვა შეაწყვეტინეს და ტყუილში დაადანაშაულეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მან დარბაზი მანდატურების თანხლებით დატოვა.
სასამართლო პროცესი გრძელდება.