რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს ხვალ 12:00 საათამდე არ შეასრულებს, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.
„ხვალ, 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამმზომი ჩაირთო. ჩვენ აქ დავრჩებით ყველა იქამდე ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. თუ ხვალ, 12:00 საათამდე არ იქნება პასუხი, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერ შეძლებს გადაადგილებას. ამისთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმრავლე და კიდე დაგვემატონ. მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე!” , – განაცხადა გოლეთიანმა.
რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.