ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ის საფეხბურთო ფაქტორი გახდა.
მურღულიას თქმით, საქართველოში ფეხბურთი კვლავ ერთ-ერთი ცენტრალური თემა ხდება და ეს შრომისმოყვარე ტალანტის გამოჩენამ შეძლო.
“მიაქციეთ ყურადღება? – დღეს “ბოლონიასთან” შეხვედრისას ხვიჩა კვარაცხელიამ ექვსი (აქედან სამი – თითქმის ასპროცენტიანი) საგოლე პასი მისცა თანაგუნდელებს.
ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი იყო, რის გამოც მისი თამაში ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი – 9.0 ქულით შეფასდა, რაც დიდი იშვიათობაა.
ეს ახალგაზრდა უკვე ვარსკვლავია (თუმცა სრულყოფის უზარმაზარი რესურსი აქვს), რომელიც მატჩის შედეგზე ინდივიდუალურ გავლენას ახდენს. ამიტომაც ალაპარაკდნენ გრანდები მის შეძენაზე. “ნაპოლი” უახლოეს მომავალში მას ძალიან მაღალ ფასს დაადებს.
ხვიჩა კვარაცხელია გახდა საფეხბურთო ფაქტორი, რომლის განეიტრალებაც დღეს უკიდურეს სირთულეს წარმოადგენს. ამას ისიც ხელს უწყობს, რომ მას ძალიან გონიერი მწვრთნელი ჰყავს და ზეამბიციურ გუნდში თამაშობს, რომელმაც ზედიზედ 10 თამაში მოიგო.
საქართველოში ფეხბურთი კვლავ ერთ-ერთი ცენტრალური თემა ხდება.
აი, რა შეუძლია თუნდაც ერთი შრომისმოყვარე ტალანტის გამოჩენას.
მხოლოდ ის შემიძლია დავამატო, რომ მსგავსი რამ ყველა სფეროში შეიძლება მოხდეს – საქართველოს ეს შეუძლია.
წარმატება ჩვენს ბიჭს, “ნაპოლის”, და, უწინარეს ყოვლისა – საქართველოს ნაკრებს.
GO, GEORGIA!”, – წერს გია მურღულია.