უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კრემლზე დრონებით სავარაუდო თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ, მაგრამ, როგორც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინა ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას მიმართავს თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვებზე თავდასხმისთვის“, – განუცხადა BBC-ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნიკიფოროვმა.
მისი თქმით, ტერაქტი დნეპრში და უმანში საცხოვრებელი სახლების აფეთქებაა. ის რაც მოსკოვში ხდება, დიდი ალბათობით, 9 მაისის წინ სიტუაციის დაძაბვას ემსახურება.
ცნობისთვის, კრემლის განცხადებით, რუსეთმა ღამით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. ოფიციალური მოსკოვი პუტინის მკვლელობის მცდელობაში უკრაინას ადანაშაულებს.