უკრაინა არ აპირებს შეასრულოს რუსეთის ულტიმატუმი, რომლის თანახმად, მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის სანაცვლოდ, ქალაქი უნდა დატოვონ უკრაინელმა სამხედროებმა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, კიევმა მოსკოვს უკვე აცნობა, რომ ქალაქის დანებებაზე არავითარი საკითხი არ განიხილება.
ვიცე-პრემიერის თანახმად, უკრაინა მოითხოვს, რომ რუსმა სამხედროებმა დაუყოვნებლივ გახსნან ჰუმანიტარული დერეფნები, რათა მარიუპოლის მშვდობიანი მცხოვრებნი ზაპოროჟიეში გადაიყვანონ. „ვერანაირ ჩაბარებაზე და იარაღის დაყრაზე საუბარი ვერ იქნება და ეს რუსულ მხარეს უკვე ვაცნობეთ“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებს ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათისთვის დანებება შესთავაზა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში თქვეს, რომ წინადადებაზე წერილობითი პასუხის შემთხვევაში, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათისთვის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიდა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.