თავდაცვის სამინისტროს მიერ, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმიანება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აშკარად იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ კეთილდღეობას მილიონობით ლარი მოახმარა“.
„წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სახელმწიფოს განიხილავდნენ, როგორც თავიანთ საკუთრებას, არა მარტო სახელმწიფოს, ხალხის მიმართაც ეს დამოკიდებულება ჰქონდათ.
პირდაპირ, აშკარად იკვეთება, რომ სააკაშვილმა უბრალოდ აიღო და საკუთარ პირად კეთილდღეობას მოახმარა მილიონობით ლარი, ეს დამატებითი თანხებია, რაზედაც დღეს არის საუბარი, თორემ ასეთივე ფაქტებია ასახული იმ საქმეში, რომელსაც ეს რადიკალური ოპოზიცია პიჯაკების საქმეს უწოდებს. რა შუაშია პიჯაკები? ადამიანს ჰქონდა ბიუჯეტი უბრალოდ ამოდებული, უხეშად როგორც ამბობენ ხოლმე, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.
ამავე თემაზე: