87 წლის ასაკში ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სამწუხარო ინფორმაციას ვაჟა აზარაშვილის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ცნობისათვის, ვაჟა აზარაშვილმა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს დაამთავრა. ამავე წლიდან შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და პროფესორი.
ავტორია: სიმფონია (1966, სამ ნაწილად), ორი სავიოლინო კონცერტი (სამ ნაწილად, 1967 I, 1972 II), კონცერტი ვიოლონცელოსათვის(1969, ერთნაწილად), კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისათვის (1973), ორი ოპერეტა, რომლებიც დაიდგა თბილისის „მუსკომედიის“ სცენაზე (1969 I, 1972 II), კონცერტინო კვარტეტისათვის(1963), ვოკალურ–სიმფონიური პოემა(1961), ორი პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის(1964), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1961, ოთხ ნაწილად), ინსტრუმენტული, კამერული და საესტრადო ნაწარმოებები, მუსიკა სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.