LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეჩერების ყველაზე სწრაფი გზა სწორედ ვეტოა: სალომე სამადაშვილი

85
სალომე-სამადაშვილი (2)

“მივიჩნევ, რომ ეს ცვლილებები მმართველმა უმრავლესობამ ძალიან ნაჩქარევად, ფარულად მიიღო. რაც შეეხება სასჯელის გამკაცრებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სივრცის შეზღუდვას, ეს ნებისმიერი მექანიზმით უნდა შევაჩეროთ”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პარლამენტის განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს, ვინაიდან მისი თქმით, ამ პროცესის შეჩერება ახლა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. აღნიშნულის შესახებ სამადაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა გამოიყენოს თუ არა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება – ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. შეხვედრა იმართება პრეზიდენტის ინიციატივით. კონსტიტუციით ამის შეჩერების ყველაზე სწრაფი გზა არის სწორედ ვეტოს დადება. ცხადია, პრეზიდენტს ჩემს ხედვას გავაცნობ,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი სიტყვებით, სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ მსგავს ხერხს, საშუალებებს პროტესტის ჩასახშობად მიმართავენ ის ქვეყნები, სადაც დემოკრატიის სივრცე უბრალოდ არ არსებობს. როგორც დეპუტატმა თქვა, ოპოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით შეთანხმდა, რომ  ნაბიჯები ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის გასაფართოებლად და არა პირიქით უნდა გადაიდგას.

“ეს ცვლილებები კი, რომელიც ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე დაჩქარებული წესით მიიღეს, არ შეესაბამება იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელიც აქ, პრეზიდენტის თანდასწრებით გავაფორმეთ. ცხადია, მივიჩნევ, რომ სწორი იქნება პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია.

ჩვენ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ვნახეთ საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი შეფასებები. ამასთან, პრეზიდენტს აქამდე ვეტოს უფლება არ გამოუყენებია, ამიტომ თუ ის ჩათვლის, რომ ამ უფლების გამოყენება დემოკრატიის ინტერესებშია, მე ამას მხოლოდ მივესალმები,” – აღნიშნა სამადაშვილმა.

მისი შეფასებით, თუ “ქართულ ოცნებას” რამე ცვლილებების ინიცირება უნდა, ეს ხელმეორედ უნდა გააკეთოს – უნდა წარიმართოს ცვლილებები ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით, ფართო საზოგადოებრივი და ოპოზიციის თანამონაწილეობის პირობებში.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს: ხვიჩია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g