LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი: რატომ ინფიცირდებიან ხორცზე მომუშავეები მარტივად? – რა ვითარება ქართულ საწარმოებში

283
FORTUNA.GE (7)

ხორცის გადამამუშავებელ ქარხნებსა და სასაკლაოებზე, მსოფლიოს გარშემო კოვიდ 19-ის რამდენიმე ასეული შემთხვევა დაფიქსირდა.

მაგალითად, ახლახანს კომპანია Anglesey-ში 150-ზე მეტ თანამშრომელს დაუფიქსირდა ვირუსი, ამდენივე მუშა დაინფიცირდა ვრექსამში და დასავლეთ იორკშირში. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სპეციალისტები თავიდანვე ამბობდნენ, რომ ხორცის ქარხნებში კორონავირუსის გავრცელების ალბათობა მაღალი იყო.

 

რატომ ფიქსირდება ხორცპროდუქტების კომპანიებში ამდენი შემთხვევა?

ადამიანები კორონავირუსით ინფიცირდებიან წვეთების მეშვეობით, რომელიც შესაძლოა ინფიცირებულმა პირმა ხველის, დაცემინების ან ამოსუნთქვის დროს გამოისროლოს. კოვიდ 19 გადადის მჭიდრო კონტაქტით ან ინფიცირებულ ზედაპირზე შეხებით.

ქარხნები და ზოგადად დახურული სივრცეები, სადაც სიცივე და ნესტია, შესანიშნავი ადგილია კოვიდ 19-ის სიცოცხლისუნარიანობის და ინფექციის გავრცელებისთვის“, – ამბობს უორვიკის უნივერსიტეტის პროფესორი, ლორენს იანგი.

 

კიდევ ერთი შესაძლო ფაქტორი ხმაურიანი დანადგარებია, რის გამოც ხალხი იძულებულია უფრო ხმამაღლა ისაუბროს, ეს კი წვეთების რაოდენობას ზრდის.

 

სამუშაო პირობები

ქარხნებში დღის შუქის ნაკლებობაა, ასევე რთულია იქ მომუშავეებმა დისტანცია დაიცვან, რადგან სწრაფად გადაადგილდებიან ერთი პოზიციიდან მეორეზე.

“ეს საკმაოდ მძიმე სამუშაოა. ადამიანები გვერდი-გვერდ დგანან და მძიმედ სუნთქავენ. შესაბამისად, თუ ერთი ინფიცირდა, უდიდესი შანსია, რომ მის გვერდით მდგომს გადასდოს, შემდეგ კი მოვლენები ჯაჭვური რეაქციით ვითარდება”, – ამბობს ოჰაიოს კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი ტარამ სმიტი.


მსოფლიო რეკომენდაციები ასეთია: მაქსიმალურად დაიცვან მომუშავეებმა დისტანცია. თანამშრომლებს მისვლის დროსაც და წასვლის დროსაც გაუზომონ სიცხე და შეამოწმონ სხვა სიმპტომებზე, თუ არის შესაძლებელი პერსონალმა ნიღბებთან ერთად დამცავი ფარებიც ატარონ.

 

რა ხდება საქართველოში?

როგორც ჩანს, საქართველოში ამ წესებს მაქსიმალურად იცავენ.

“ნიკორაში” ამბობენ, რომ ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მათ მფლობელობაში არსებული ექვსივე საწარმო მუშაობას უსაფრთხოების წესების მაქსმიალურად დაცვის ფონზე აგრძელებს.

“თანამშრომლები გავყავით ორ გუნდად. ისინი მუშაობენ ცვლებში, ისე, რომ ერთმანეთს არ დაემთხვნენ და რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს ჰქონდეს ერთმანეთთან შეხება. ცვლებს შორის საწარმოში ტარდება სრული დეზინფექცია.

გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საწარმოს ტერიტორიაზე, შესვლამდეც, თანამშრომლები გადიან ტემპერატურულ კონტროლს. ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ადგილზევე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, თანამშრომელი გადამისამართდება ისე, რომ წარმოების ტერიტორიაზე შესვლა არ უწევს”, – აცხადებენ “ფორტუნასთან” საუბარში “ნიკორაში”.

“ლიდერფუდში” კი ამბობენ, რომ მათ პანდემიასთან დაკავშირებით, არაფრის შეცვლა არ დასჭირვებიათ, რადგან ჰიგიენის ნორმებს ამ დრომდეც მაქსიმალურად იცავდნენ.

“ჩვენთან კოვიდ 19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საწარმოში ცვლაში დაახლოებით 250 ადამიანი მუშაობს. სრულად ვიცავთ წესებს და არც გაგვჭირვებია გადაწყობა. დეზობარიერები, ხსნარებით ხელების დამუშავება, ნიღბები – ეს ისედაც ჩვენი სამუშაო სტანდარტებია. დავამატეთ მხოლოდ სიცხის გაზომვა,” – აცხადებენ “ლიდერფუდში” “ფორტუნასთან”.

 

საქართველოსა და მსოფლიოში ასეთ რადიკალურ განსხვავებას მასშტაბის გარდა, კიდევ რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მსოფლიოში ასეთი ქარხნების ნაწილს, ახლოსვე აქვს საერთო საცხოვრებელი, სადაც რამდენიმე პირი შესაძლოა ერთად ცხოვრობდეს. ასევე, ჰყავთ კერძო ტრანსპორტი, რომლითაც დასაქმებულები დაჰყავთ.

უცხოეთში ქარხნებში მომუშავეების დაინფიცირების კიდევ ერთი მიზეზი ენის ბარიერია. როგორც გერმანიაში აცხადებენ, აუთსორსზე მომუშავეებმა ძირითადად ენა არ იციან, ეს კი წესების დაცვას უშლის ხელს.

მთავარია ის, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ხორცის პროდუქტები შესაძლოა ინფიცირების წყარო იყოს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები