კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში ყოველდღიურად იმატებს. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან წასვლას გეგმავდა, გვაიმედებს და ამბობს, რომ მალე საქართველოს ყველა მოქალაქე დონალდ ტრამპის სტანდარტით იქნება უზრუნველყოფილი.

თენგიზ ცერცვაძის ამ განცხადებას ბევრი სკეპტიკურად შეხვდა. ფიქრობენ, რომ ფანტასტიკის სფეროა და შეუძლებელია, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა იგივე ყურადღება და მკურნალობა გაიარონ, რაც ზესახელმწიფოს პრეზიდენტმა.

„ფორტუნასთან“ საუბარში ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულების „რემდესივირით“ მკურნალობას შეძლებს.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მალე საქართველოში იმ მეთოდით უმკურნალებენ კოვიდინფიცირებულებს, როგორც დონალდ ტრამპს. აშშ-ს პრეზიდენტი ძალიან მალე, სამ დღეში გამოჯანმრთელდა და სამუშაოს დაუბრუნდა. რამდენად არის შესაძლებელი, რომ „მოკვდავმა ადამიანებმაც“ იგივე ბედი გაიზიარონ?

 

როგორც მივხვდი, საუბარია მონოკლონურ ანტისხეულებითა და „რემდესივირით“ მკურნალობაზე. „რემდესივირი“ პრეპარატია, რომელიც კვლევის ფარგლებშია და როგორც ამბობენ, საქართველოში სამ კვირაში იქნება. ეს ხელს შეგვიწყობს, რომ მძიმე პაციენტებში გამოსავალი უკეთესი გვქონდეს და უფრო მეტი ადამიანი გადარჩეს.
მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა ცოტა უფრო შორეული პერსპექტივის პრეპარატია. მიდის მუშაობა იმაზე, რომ საქართველოს ეს პრეპარატიც კვლევის ფარგლებში გადმოეცეს, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბარი ცოტა რთულია. მონოკლონური ანტისხეულები ძალიან იმედისმომცემია. მარტივად რომ აგიხსნათ, ეს არის სპეციალურად გამოყვანილი ანტისხეულები, რომლებიც კონკრეტულად ამ ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ამიტომ აქვს ძალიან კარგი შედეგი. ვნახოთ, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის საქართველოსთვის.

ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკაში მკურნალობენ მონოკლონური ანტისხეულებით?

მკურნალობის ეს მეთოდი ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკაში გამოიყენება. „რემდესივირი“ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არ აქვთ და საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც „რემდესივირი“ ექნება.

რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთი პაციენტი ძალიან მალე გამოჯანრთელდება ხოლმე და ზოგის გამოჯანმრთელებას კი რამდენიმე თვე სჭირდება?

კორონავირუსით გამოჯანმრთელება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ადამიანის იმუნურ სისტემაზე, თანმდევ დაავადებებზე, ასაკზე, ზოგადად ვირუსის ვირულენტობაზე და ა.შ. ზოგიერთი პაციენტი ძალიან მალე ინკურნება. როდესაც თანმდევი დაავადებები და ხადაზმული ასაკი არ აქვთ, საკმაოდ მალე ინკურნებიან. მათთან ფილტვების  ანთება ნაკლებად ვითარდება.

კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა ბრიტანეთმა მესამე ეტაპზე შეწყვიტა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკაში მესამე ეტაპზე ერთ-ერთ ვაქცინაზე მუშაობა შეჩერდა. მესამე ეტაპი რომელიმე ვაქცინამ გაიარა?

ჯერჯერობით, არა. ყველა ვაქცინა კლინიკური კვლევის ფაზაში იმყოფება და სამწუხაროდ, რამდენიმემ გააჩერა კვლევა. ერთ ადამიანთანაც კი, რომელიც კვლევაშია ჩართული, თუ უკუჩვენება გამოვლინდა, კვლევა ჩერდება. ამიტომ არის რთული ვაქცინას შექმნა, იმიტომ რომ უნდა იყოს უსაფრთხო და უნდა იყოს ეფექტიანი. ამიტომ ვერ მოხერხდა ჯერჯერობით მსოფლიოს ჰქონდეს ეფექტიანი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ.

რამდენი ეტაპი უნდა გაიაროს ვაქცინამ?

უნდა გაიაროს ხუთი ეფექტი იმისთვის, რომ აღიარებული და უსაფრთხო იყოს. მის შექმნას ხშირ შემთხვევაში რამდენიმე წელი სჭირდება, თუმცა, როდესაც დიდი რესურსია მობილიზებული, შესაძლებელია, რომ შედარებით ნაკლებ პერიოდში შეიქმნას, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

საქართველოში კორონავირუსის ეპიდსიტუაციის დარეგულირებას შეძლებს ქვეყანა? რა უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ შემთხვევათა რაოდენობამ იკლოს?

ამის შესახებ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. თუ იქნება საზოგადოების მხრიდანაც ჩართულობა და გამოიჩენენ ყურადღებას სიტუაციის სტაბილიზაციას მივიღებთ. ეს არ იქნება ადვილი, უკვე საკმაოდ მაღალია ვირუსის გავრცელება. ვირუსი საკმაოდ გავრცელებულია როგორც აჭარაში, ასევე თბილისში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში რეკომენდაციების დაცვა, რასაც სპეციალისტები იძლევიან. ჯანდაცვის სისტემამ, რაც არ უნდა კარგად იმუშაოს, ვერ მოახერხებს ეპიდემია შეაჩეროს, თუ საზოგადოება ამაში ჩართული არ იქნება.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები