კომპანია Virgin Galactic-ის წარმომადგენლებმა, რომელიც კოსმოსური ტურიზმის მიმართულებით გეგმავს განვითარებას, „ინდეფენდენთს“ დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია აპირებს გამოუშვას მეტი ბილეთი დაგეგმილ სუბორბიტალურ რეისზე, რადგან ამ დროისათვის კოსმოსში გამგზავრების სურვილი უკვე თითქმის 8000-მა ადამიანმა გამოთქვა.

ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება მსურველთა იმ რაოდენობას, რომელიც 2019 წლის სექტემბერში იყო აღრიცხული, თუ არ ჩავთვლით პირველი ფრენის იმ 600 ბილეთს, რომელიც უკვე გაყიდული იყო.

მსურველებს შემდეგ ეტაპზე გადასვლა მას შემდეგ შეეძლებათ, რაც დეპოზიტზე 1000$-ს განათავსებენ. იმ პირველ ადამიანებს შორის, რომლებმაც უკვე შეძლეს ბილეთების შეძენა, ისეთ ვარსკვლავებს შეხვდებით, როგორებიც ლეონარდო დიკაპრიო და ჯასტინ ბიბერი არიან. კოსმოსური ხომალდის ერთ-ერთი  პირველი მგზავრი იქნება Virgin Galactic-ის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონიც.

პირველი პარტიის ბილეთის ღირებულება 250 000 დოლარს შეადგენდა, თუმცა რა ეღირება ბილეთები შემდეგ რეისზე ან როდის ჩაეშვება ისინი გაყიდვაში, ჯერჯერობით უცნობია.

Virgin Galactic-მა თავისი პირველი წარმატებული სუორბიტალური სატესტო გაფრენა 2018 წელს შეასრულა.

კომპანიის მიზანი ხომალდ VSS Unity-ის 80 000 მეტრის სიმაღლეზე აყვანა იყო, სადაც მგზავრები შეძლებენ გამოცადონ უწონადობის მდგომარეობა და დაინახონ  პლანეტის მრგვალი კონტურები.

კომერციულ კოსმოსურ ხომალდზე რამოდენიმეწლიანი მუშაობისა და ტესტირების შემდეგ, Virgin Galactic-მა როგორც იქნა დაიწყო მზადება თავისი პირველი კომერციული კოსმოსური ფრენისათვის. წინასწარი სამუშაოები ამ კუთხით აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს კოსმოსდრომზე ხორციელდება.

 

ტეგები: კოსმოსი
კატეგორიები: მსოფლიო

მსგავსი თემები