ლელა წურწუმია და კახი მამულაშვილი ერთ–ერთი პირველები არიან, ვინც მკაცრი რეგულაციების ფონზე შოუბიზნესის სრული გაჩერების პერსპექტივაზე ალაპარაკდნენ. როგორც fortuna.ge–სთან ინტერვიუში აღნიშნავენ, ხელოვანები თავს ამ სიტუაციაში კარგად თავს ვერ იგრძნობენ და უფრო რთული ვითარება შეიქმნება, თუკი ხელისუფლებამ რეგულაციები არ შეარბილა და მათ მუშაობის საშუალება არ მისცა.

პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, როგორ ხართ?

ლელა:

გადასარევად (იცინის). პროფესიული კუთხით თუ მისვამ ამ კითხვას, ძალიან ცუდად და ეს უნდა ითქვას. ძალიან დიდი სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ ჩვენი პროფესიის ადამიანები, განურჩევლად დარგისა. აბსოლუტურად უმოქმედოდ. არტისტისთვის მხოლოდ ის კი არ არის მთავარი, რომ კონცერტზე გამოვიდეს. უნდა მიეცეს რეპეტიციის საშუალებაც, უნდა გამღერდეს, რომ ფორმაში იყოს. არ არსებობს ასეთი რამ, რომ პროფესიონალი მომღერალი, ბოდიშს ვიხდი ამ გამონათქვამისთვის, პირდაპირ ლოგინიდან ადგეს და სცენაზე გამოვიდეს. ის აუცილებლად აკეთებს გამღერებას, ემზადება იმისთვის, რომ სამწუთიანი სიმღერისას თუ სოლოკონცერტისას იყოს მოწოდების სიმაღლეზე. როცა ეს ყველაფერი არ გაქვს, ხარისხსაც ვერ დებ. იქამდეც ვერ მიდიხარ, რომ კონცერტი გააკეთო. ვინც ეს რეგულაციები დააწესა, არავინ გაითვალისწინა ჩვენი პროფესიის ადამიანების პრობლემა. არანაირად არ უფიქრიათ. არც მიკვირს. ვერც იფიქრებდნენ, რადგან ეს არ არის პირდაპირ შემხებლობაში მათ პროფესიასთან. შეიძლება, არ აქვთ ჩვენს პროფესიაზე არანაირი წარმოდგენა.

რამდენიმე წლის წინ, ერთ–ერთ საახალწლო გადაცემაში მოინდომეს პოლიტიკოსებისა და მომღერლების დუეტების ჩაწერა. ვიღაცები ძალიან მსუბუქად უყურებდნენ ამ ყველაფერს. სტუდიაში რომ შევიდნენ და ვუთხარით, რა უნდა ემღერათ, მახსოვს მათი შეშინებული სახეები. მიხვდნენ, როგორი რთული პროცესია. ერთ–ერთმა პოლიტიკოსმა ბოდიშიც კი მოგვიხადა, არ ვიცოდით, რომ ასეთი რთული იყოო. ნებისმიერი პროფესია ძალიან რთულია…

თქვენსას პლუს თან ახლავს კრიტიკის შიშიც საზოგადოების მხრიდან…

ეს ზოგადად პოპულარული ადამიანების თანმდევია. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი კრიტიკის ქარცეცხლში ვხვდებით, პირდაპირ ვიტყვი, ბევრი სისულელის გამო. თუნდაც იმის გამო, რომ ვიღაცას კაბის სიგრძე არ მოეწონა, განსხვავებით პოლიტიკოსისგან. არავინ განიხილავს მათ ჩაცმას, რა კანონებს იღებენ და რას ლაპარაკობენ, ამას უფრო მეტად განიხილავს საზოგადოება.

არ ვიცი, გამოსავალი სად იქნება. ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. იმედია, ვაქცინას გამოიგონებენ… ჩვენ ხომ ვიცით, რომ არსებობს სხვა გრიპები, რამაც უფრო მეტად გამოიწვია ადამიანების სიკვდილიანობა, ვიდრე კონკრეტულად კორონამ. მე არ მინდა, რომ ეს სიტუაცია იყოს ხელოვნურად გამოყენებული კონკრეტული სფეროსა და ადამიანების მიმართ. მართლა ვამბობ, დედამიწის ზურგზე არავის ვუპირისპირდები. მართლა ძალიან მაგარია, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და რაც გააკეთეს ექიმებმა, პოლიციამ, ჯარმა და ა.შ. მათი მადლიერი ვარ და დიდი მადლობა ყველა მათგანს. თუკი რეგულაციები მოიხსნა, ჩემს ხარჯზე ამას ნუ გააკეთებენ. ნუ მაგრძნობენ, რომ კედელთან ვარ მიყენებული. ხელოვნება ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ღვინოსთან, სამზარეულოსთან და ბუნებასთან ერთად.

კომუნისტური პერიოდის ადამიანი ვარ. საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის საქართველო ყველაფრით იყო გამორჩეული, მათ შორის, კულტურის სფეროთი, რომელიც უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი. რატომ გვინდა, რაც ყველაზე საამაყოა, ის მოვსპოთ?!

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სფერო განადგურების პირასაა?

მუშაობის საშუალებას არ გვაძლევენ. მე არ ვთხოვ სახელმწიფოს, რომ დამეხმარონ, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადების გადამხდელი ვარ. მე რომ მითხრან, წადი, იმღერეო, კი ვიმღერებ, მაგრამ იმ ადგილას მოვლენ და დააჯარიმებენ და ვეღარ გადამიხდის მისი მფლობელი თანხას. არაშემოსავლიანია ეს ყველაფერი. ადამიანი ორ ჭიქას რომ დალევს, ვინ დაუწყებს მას კუდში დევნას, ტუალეტთან რიგში ერთი მეტრის დისტანციით დადგება თუ ორი მეტრის?!

საგანგებო მდგომარეობა ხომ გავიარეთ? დავწყნარდით, დავმშვიდდით, გამოვედით, გავაცნობიერეთ უამრავი პრობლემა… ჩაჯექი სახლშიო, ჩავჯექი, არ იმღეროო, არ ვიმღერე, არ ნახო შენი ოჯახის წევრები, მეგობრებიო, არ ვნახე… ცხრის ნახევარზე ლოგინში ვიწექი და ვქსოვდი… კეთილსინდისიერად მოვიქეცი, არავის ვათქმევინე, რომ რადგან ცნობილი ადამიანი ვარ, რაიმე პრივილეგიით ვსარგებლობდი. არაფერი მითხოვია არავისთვის, არც საშვი და არც სხვა რამ. ჩემ ირგვლივ ასევე პატიოსნად, შეგნებულად მოიქცა ბევრი ადამიანი. ანტისეპტიკური საშუალებები და ბახილები სახლში ახლაც მაქვს. სხვათა შორის, ჩემთვის ისეთი ტოქსიკური აღმოჩნდა, რომ ხველება დამაწყებინა და გავიქეცი საავადმყოფოში, აღმოჩნდა, რომ ანტისეპტიკურ საშუალებაზე ალერგია მქონდა.

კახი, პროფკავშირების შექმნას მართლაც გეგმავთ?

გვინდა, შევქმნათ იურიდიული ორგანიზაცია, რომელსაც მოუსმენენ – ამას პროფკავშირებს დავარქმევთ თუ საინიციატივო ჯგუფს, ამას, მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, სახელოვნებო სფეროს ვგულისხმობ, მომღერალი, პროდიუსერი, ფოტხელოვანი, არტისტი, ყველას ექნება გაწევრების საშუალება. ყველა მთავრობაში ასე იყო და ახლა გვინდა მივახვედროთ, რომ შოუბიზნესს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ის არ არის დამოკიდებული ბიუჯეტზე, მაგრამ არის გადამხდელუნარიანი. ამის მიხედვით შემოიღონ ეს რეგულაციები. ძალიან მშვიდად ვიტყვით, როგორი მნიშვნელობა აქვს ამ სფეროს სახელმწიფოსთვის.

იყო რაიმე შეხვედრა ოფიციალურ პირებთან ამ საკითხზე?

იყო ერთი შეხვედრა თბილისის მერიაში.

ლელა:

მერიიდან შეგხვდა ძალიან კარგი ადამიანი, ანდრო ბასილაია, ბატონი ბუთხუზის შვილიშვილია. ვინ თუ არა, მან იცის ჩვენი პროფესიის ადამიანების ცხოვრება. ადამიანურად ძალიან შეწუხებულია. თუკი არ შეგვხვდა ის, ვინც კანონს იღებს, ასე არაფერი გადაწყდება. დაუძახონ ნინო სუხიშვილს, დათო დოიაშვილს, ბასა ფოცხიშვილს, კახა მამულაშვილს… ხომ ხედავთ, რამდენ სფეროს მოიცავს? ეს ყველას პრობლემაა. წინ ვერაფერს ვხედავ…

რას სთავაზობთ კონკრეტულად ხელისუფლებას?

მამულიჩა:

ჩვენ ვთავაზობთ, რომ ამ პრობლემას სხვანაირად შეხედონ. არა ისე, რომ მომღერალს სიმღერა მოუნდა. ქართულ ხელოვნებას სხვანაირად უნდა მიაქციონ ყურადღება. თუ ხვდები სამშენებლო, რესტორნის და სხვა ბიზნესებს, ჩვენც შეგვხვდი. გვინდა, ელემენტარულად მოგვისმინონ.

ლელა:

არ იყოს ასეთი რეგულაცია – სიმღერა არ არის აკრძალული, მაგრამ მე რომ სცენაზე გამოვალ, შენ ჩამისაფრდები და მცირე დარღვევაზე დააჯარიმებ ლოკაციას, სადაც ეს კონცერტი იმართება. როგორ ფიქრობთ, ის მეორე დღეს იმუშავებს? დავამთავროთ! ის აღარ იმუშავებს. შენ თუ დამსწრეთა რაოდენობას შეუზღუდავ, არტისტს, მომსახურე პერსონალს როგორ გადაუხდის? ყველა ვარიანტში რაღაც უნდა მოიფიქრონ. ისე ნუ იზამენ, რომ ადამიანებს სული ამოხადონ. ეს რეგულაციები ისე უნდა დალაგდეს, რომ ჩასაფრებულის პოზიციაში არ იყვნენ. თავად ნუ მათქმევინებენ ჩემს პროფესიაზე უარს!..

მამულიჩა:

ამ შემთხვევაში მხოლოდ ლელა წურწუმია კი არ არის გაჩერებული. ლელა, მისი ბენდის წევრები და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენს კონცეფციაში ჯდება. ამდენი წელია, ამ სფეროში ვარ და ყველა მწერს. ყველას გამო ვაქტიურობ, არა მხოლოდ ჩემი თავის გამო – ბენდის წევრი იქნება ეს, ოფიციანტი თუ ბარმენი, ჩვენი პროფესიები გადაჯაჭვულია. ეს მთელი ბიზნესი თუ გაჩერდა, არაფერი აღარ იქნება. დაძაბული და დეპრესიული გარემოდან განტვირთვის გარემოში უნდა გადავინაცვლოთ. ამიტომაც უნდა დაწესდეს ცოტა სხვანაირი რეგულაციები, ჩვენთან შეთანხმებით, ამიტომაც უნდა მოგვისმინონ.

ლელა:

წარმოდგენაც არ გაქვთ, რა მძიმე მდგომარეობა იქნება! უმძიმესი!.. ეს საბანკო რეგულაციები ისევ რომ ჩაირთვება, მერე ნახეთ, რა მოხდება. არ ვიცი, თუ უფიქრიათ ამაზე. ოდნავ მაინც თუ დაფიქრდებიან, რა შეიძლება მოხდეს, მგონია, რომ რაღაცებს შეცვლიან. ღმერთმა დამიფაროს, რომ ამაზე არ ვიფიქრო. შეიძლება, დეპრესიისგან და უსახსრობისგან ადამიანებმა შეიძლება, თავი მოიკლან. მით უმეტეს, ხელოვანების ტვინში რაღაცები ცოტა სხვანაირად ხდება. ვერ უძლებენ ასეთ დატვირთვას და შეიძლება სუიციდამდე მივიდნენ, რატომ, რისი გულისთვის?

მამულიჩა:

თუკი ვერ ხსნიან, ისიც უნდა თქვან, რომ გაზაფხულამდე თქვენ ვერ გაგხსნითო. გვეცოდინება, რომ ერთი წელი არაფერი იქნება. გაუგებრობას ყველაფერი ჯობია. რაღაც ხომ უნდა თქვან.

ლელა, გიფიქრიათ, ასეთ შემთხვევაში რას გააკეთებთ?

არც მინდა ფიქრი! გეხვეწები, ეგ კითხვა არ დამისვა!. რას ლაპარაკობ. ადვილი სათქმელია, ერთი წელი სახლში დაგსვამო? წინ არჩევნებია… არავის ვთხოვთ დახმარებას, ვთხოვთ მოგვცენ მუშაობის საშუალება. შემხვდი, მომისმინე და ისე დაალაგე ეს ყველაფერი, რომ არ აღმოჩნდეს, პანდემია და კორონა მარტო ჩემთვის იყო.

ამას წინათ მამულიჩამ დაწერა, მგონი, ანეკდოტების ბიზნესზე უნდა გადავიდეთო.

ანეკდოტების ბიზნესი რომ დაიწყო, ხასიათიც უნდა გქონდეს მაგისი. იუმორის გრძნობასაც თუ დავკარგავ, რად მინდა ის ანეკდოტი. შეიძლება, ისიც დამავიწყდეს არასწორი კვებისგან (იღიმის). ამ კარანტინმა არაფერი მასწავლა იმის გარდა, რომ ჩემი საქმის კეთება მინდა. უცებ პროფესიას ვერ შევიცვლი. რაც კარგად გამომდის, ის უნდა გავაკეთო, თორემ სადილების კეთებას 60 წლის შემდეგაც შევძლებ.

ფოტო: დათუნა აგასი

ინტერვიუ: ნინო მურღულია

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05