LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმიას ბენდის წევრი გიორგი თორაძე: „ბავშვობიდან მეამბოხე ვიყავი, უფრო მეტადაც, ვიდრე ახლა ვარ… მაქვს ჩემებური ხედვა და ჩემი ესთეტიკა…“

43786
თორჩო

მომღერალი და მსახიობი გიორგი თორაძე, იგივე თორჩო მაყურებელს ბუკა კარტოზიას აკადემიური ანსამბლის „ქუინტესენსის“ შემადგენლობიდანაც ახსოვს, „მუსიკის ჰანგებიდანაც“, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრში ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლად არის აღიარებული, ლელა წურწუმიას ბენდიდანაც – სადაც ბექ-ვოკალისტის ამპლუაშია, თუმცა ყველგან გამოარჩევთ თავისი განსაკუთრებული სტილითა და სცენურობით.

გიორგისთან საუბარი მისი შემოქმედებითი გზით დავიწყეთ, რომელიც ადრეული ასაკიდან იღებს სათავეს.

გიორგი თორაძე: 

მუსიკასთან ჩემი პირველი შეხება ადრეული ასაკიდან დაიწყო, უბრალოდ, მაშინ ისეთი ფონი იყო საქართველოში, მათ შორის, ჩემს ოჯახშიც, რომ არავის ეცალა ჩემთვის ყურადღების დასათმობად, მუსიკაზე სატარებლად. მაშინ ძალიან დიდი გაჭირვება იყო… სადარბაზოში მე და ჩემი მეზობლები კონცერტებს ვაკეთებდით ხოლმე. ალბათ, ბანალური ამბავია, რადგან ბევრთან შეიძლება ასე დაიწყო ყველაფერი… ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვის ემოციური აღმოჩნდა, როდესაც ერთ-ერთ კონცერტზე სიმღერა შევასრულე. მაშინ მიხვდნენ, ეს ბავშვი მგონი სცენაზე გამოიჩენს თავსო…

სწორად მიხვედრილან…

10 წლის ვიყავი, როდესაც სერიოზულად მოვეკიდე საკითხს – შემიყვანეს მუსიკალურ სტუდიაში. 12 წლისამ კი მონაწილეობა მივიღე ტელეკონკურსში „ანა-ბანა“, სადაც პირველი ადგილი ავიღე. ამისი არ მჯეროდა, ამბობდნენ, რომ ყველგან ჩაწყობა იყო – ამ კონკურსზე გავედი იმიტომ, რომ მაინტერესებდა, რა მოხდებოდა. ჩემმა პედაგოგმა მითხრა, ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ იქ მოხვდე და თუ ვერ მოხვდები, მერე ხომ გვეცოდინებაო… ჯერ ის ვერ დავიჯერე, რომ ამიყვანეს, მერე ის, რომ გავიმარჯვე…

12 წლის ასაკში პირველად ავიღე ჰონორარი და მივხვდი, რას ნიშნავს, როცა გაქვს შენი ფული, შეგიძლია ჩაიცვა ის, რაც გინდა და გააკეთო ის, რაც გინდა. სხვათა შორის, იმ დროისთვის საკმაოდ დიდი ჰონორარი იყო.

როდის მიხვდი, რომ მუსიკა შენი მთავარი პროფესია უნდა გამხდარიყო?

ძალიან გამიმართლა მშობლებსა და ოჯახის წევრებში. ყოველთვის მაძლევდნენ თავისუფლებას, არჩევანის გაკეთების საშუალებას. ჩემს ბევრ მეგობარს არ ჰქონია ასეთი შესაძლებლობები. 13 წლის ვიყავი, როდესაც ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის რეჟისორი, დავით დოიაშვილი დამიკავშირდა და შემომთავაზა მონაწილეობა სპექტაკლში „მუსიკის ჰანგები“. მანდ მოვიწამლე თეატრით ძალიან. მას შემდეგ იყო ბევრი სამსახური, მათ შორის „ბრავო რეკორდსში“ მუშაობა, გამხმოვანებლად. იმ პერიოდში გადავწყვიტე, რომ მსახიობობა მინდოდა.

15 წლის ასაკში დამირეკა ბუკა კარტოზიამ, „ქუინტესენსის“ პროდიუსერმა და დამიბარა კასტინგზე, აინტერესებდა ჩემი მონაცემები. ამ დროს გარდატეხის ასაკში ვიყავი, ამომდიოდა საშინელი ხმა, ვიყავი დეპრესიაში და მეგონა, რომ ვეღარასდროს ვიმღერებდი. მქონდა პროტესტი, რომელსაც ვავლენდი სკოლაში. საკმაოდ მეამბოხე ვიყავი, ვიდრე შეიძლება, ახლა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ვაკეთებ ისეთ რაღაცებს, რაც ვიცი, შეიძლება ყველასთვის მოსაწონი არ იყოს. თუმცა ეს არ მაინტერესებს, როცა შენი იდეა გაქვს, რომელიც თავისუფლების გარშემო ტრიალებს, ყველაფერი უნდა გააკეთო ისე, როგორც თავად გინდა. ყველა არტისტის და ყველა ადამიანის მიზანი თავისუფლების გარშემო ტრიალებს. რეალურად რაღაც პერიოდი გავჩერდი და მუსიკასთან აღარ მქონდა შეხება, ძალიან განვიცდიდი ამას და სწორედ ამ დროს დამირეკა ბუკა კარტოზიამ. ყურებჩამოყრილი მივედი კასტინგზე, არ მქონდა არაფრის იმედი, მაგრამ მოეწონათ და ამიყვანეს. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი რეპეტიციები, რომ არც მე და არც ჩემს მეგობრებს არ გვჯეროდა, ისე გრძელდებოდა 6-8 საათის განმავლობაში.

გარდა რეპეტიციის ხანგრძლივობისა, უნდა შეგესრულებინათ ისეთი რთული მელოდიური ნახაზები, რაც ანსამბლის რეპერტუარშია. 

თავიდან რომ მოგვასმენინეს, რა ჟანრში უნდა გვემღერა და რა კომპოზიციები უნდა შეგვესრულებინა, მაშინ მე და ანა დოიმ, ჩემმა მეგობარმა, ერთად ვმღეროდით – გადავხედეთ ერთმანეთს და ვუთხარით ერთმანეთს, შანსი არ არის, ამას ჩვენ ვერასდროს ვიმღერებთო. დიდი სილაღითა და ღიმილით ვუსმენდით, ვითომ გამოგვივიდოდა… თუმცა ფაქტი ისაა, რომ ოთხ თვეში მოვიგეთ ძალიან სერიოზული საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ტარდებოდა გერმანიაში. მას შემდეგ დაიწყო ჩვენი წარმატება, ბევრი გამარჯვება კონკურსებზე.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Giorgi Toradze (@torchooo)

„ქუინტესენსი“ უფრო აკადემიური ანსამბლია, ასეთივე რეპერტუარით და სცენაზე დგომასაც შესაბამისად მოითხოვს. ლელა წურწუმიას ბენდში როგორ აღმოჩნდი, სადაც აშკარად უფრო მეტი თავისუფლება და სხვა რეპერტუარია?

ძალიან საინტერესო ამბავია – როცა „ქუინტესენსი“ გახდა 5 წლის, გვქონდა საიუბილეო კონცერტი, რომელსაც ესწრებოდა ლელა წურწუმია. საერთო მეგობართან ატელიეში შემხვდა და მითხრა, დიდ კონცერტს ვატარებ ფილარმონიაში და გამიხარდება, თუ იქნები მისი ნაწილიო. თავიდან განსაზღვრული იყო, რომ ერთ კონცერტზე უნდა მემღერა, როგორც ბექ-ვოკალისტს. თავისუფალი დრო მქონდა, მაინტერესებდა და თან, ზედმეტი შემოსავალიც კარგი იქნებოდა, ამიტომ დავთანხმდი. კონცერტის დღეს გადავწყვიტე, რომ მამულიჩასთან არანაირი შეხება აღარ მექნებოდა. პირველ კონცერტზე ძალიან გამაბრაზა. არ გვიჩხუბია, მაგრამ კონცერტის დღეს ბატონი კახი მამულაშვილი ძალიან ცუდად იქცევა ხოლმე, საშინლად (იღიმის).  როგორც თავად ახსენეთ, თეატრსა თუ ბუკასთან არ ვიყავი ამას შეჩვეული. რეპეტიციებზე მშვიდად იყო ყველაფერი, კონცერტის დღეს კი მამულიჩა ისე ნერვიულობდა, ვიფიქრე, მასთან თანამშრომლობას ვერ გავაგრძელებ-მეთქი. თავადაც იცის, სულ ვეუბნები ხოლმე ამას… მაგრამ კონცერტზე და მას მერე ისე შემიყვარდა ლელაც და მამულიჩაც… მანამდე ასე ახლოს არ ვიცნობდი. დღესაც, თუკი რამეს ვაკეთებ მათთან ერთად, პირველ რიგში, იმიტომ ვაკეთებ, რომ ასეთი კარგი მეგობრები იშვიათია. როგორი მეგობრობაც იციან ლელამ და მამულიჩამ, მინდა, ყველამ ასეთივე იცოდეს. მოკლედ, გაგრძელდა ლელას ბენდთან ჩემი თანამშრომლობა…

მამულიჩამაც აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, მისი ოჯახის წევრი ხარ, როცა წერდა კომენტარს ახლახან გავრცელებულ ვიდეოზე, რეპეტიციიდან, ბევრი გამოხმაურებით. ვიდეოში ასევე ჩანს ლელა წურწუმიას თბილი დამოკიდებულება შენ მიმართ. ელოდებოდი, რომ მხიარული ვიდეო შენი არტისტული გამოვლენით ასეთ უარყოფით კომენტარებს გამოიწვევდა?

არ ვფიქრობ, რომ ეს არტისტული გამოვლინებაა. ზოგადად, ყველაფერში, მით უმეტეს, ხელოვნებაში, მეგობრობასა და სიყვარულში ყველაზე მთავარი გულწრფელობაა. როგორც მე ვიქცევი რეპეტიციასა თუ კონცერტზე, ეს არის ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება იმ წამისადმი. ეს არის ვიდეო, რომელიც ბათუმშია გადაღებული, რეპეტიციაზე, როცა ხმას ვასწორებდით.

შენ კონცერტებზეც აქტიური ხარ და სულ ცეკვავ, გასაკვირია, რომ მაინცდამაინც ეს ვიდეო აღმოჩნდა კომენტარების ობიექტი…

სხვათა შორის, აქამდე არაერთხელ მიხუმრია, როგორი ადვილია საქართველოში პოპულარობა – შეგიძლია, გაიხადო, ყველა, ვინც პოპულარულია, თოქშოუებიდან ვიცით ტიტვლები-მეთქი (იცინის). იმ  დღეს ყველა ცუდ ხასიათზე იყო, ველოდებოდით ამინდის გაუარესებას… მეგობრები ვიყავით მხოლოდ და მინდოდა ყველას გამხიარულება. არ მეგონა, თუ მამულიჩა ამ ვიდეოს დაპოსტავდა, რადგან სხვა ვიდეოებიც გვაქვს, სადაც ვმასხრობთ და ვმხიარულობთ. თავიდან, როცა ნეგატიური კომენტარები წამოვიდა, ვიცინოდით და ვხალისობდით. ცოტა ხანში ნახევარი მილიონი ნახვა მოაგროვა და იმდენი კომენტარი ჰქონდა, გამიკვირდა… კომენტარები რომ წავიკითხე, ამ ვიდეოს ხუთჯერ ვუყურე, ვფიქრობდი, მე ხომ არ გავაფრინე-მეთქი. დღესაც ვერ ვხვდები, რა არის განმაცვიფრებელი ამ ვიდეოში. დღესაც უამრავი მხარდასაჭერი მესიჯი და კომენტარი მომდის, მწერენ, არა უშავს, ეს ხალხი ვერ მიხვდებაო… საზოგადოება დასტრესილია.  მათიც მესმის. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვინც საბჭოთა კავშირში ან პოსტსაბჭოთა სივრცეშია გაზრდილი. ძალიან კარგად ვხვდები, რა ცხოვრება გამოიარეს ამ ადამიანებმა და რა ხდება მათ გარშემო, ამიტომ არანაირი პრეტენზია და არც აგრესია მაქვს. პირიქით, თუ დაიცლებიან ნეგატიური ემოციებისგან, კარგია, სადღაც ხომ უნდა დაიცალონ და დაე, ვიყო მე… რა უნდა ვქნა… მთავარია, ყველა იყოს ბედნიერი. თუ გააბედნიერებთ ჩემი გალანძღვა, დაე, მლანძღონ (იღიმის).

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Giorgi Toradze (@torchooo)

შენი საინტერესო ჩაცმულობით, ვიზუალითა და სტილით გამოირჩევი, როგორ ააწყვე შენი იმიჯი?

ესეც გამომდინარეობს იმ თავისუფლებიდან, რასაც მშობლები მაძლევდნენ ბავშვობიდან. ამის გამო მასწავლებლების მხრიდან სკოლაში ბევრი პრობლემა შემხვედრია, სხვათა შორის, ჩემი თანატოლებისგან არა, მასწავლებლები მაბულინგებდნენ სულ, წითელ წინდებს თუ ჩავიცვამდი, მეუბნებოდნენ, წითელი გოგოს ფერიაო. როგორც გითხარით, ბავშვობიდან მემბოხე ვიყავი და დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი. მგონია, რომ ძალიან კარგი იმუნიტეტი მაქვს.

რაც შეეხება ჩაცმას, მქონდა ბედნიერება, ამერჩია ის, რისი ჩაცმაც მინდოდა და მომწონდა. მაქვს ჩემებური ხედვა და ჩემი ესთეტიკა. მიხარია, თუკი ეს ბევრისთვის საინტერესოა.

ყველა ადამიანი თავის თავს ქმნის. ახლა 25 წლის ვარ და მგონია, რომ ჩემი თავი, როგორც გიორგი თორაძემ და როგორც თორჩომ, შევქმენი და შევფუთე ჩემი ესთეტიკის გარშემო… უმეტესობა ჩემი სამოსიდან ნაჩუქარია. შეიძლება, უცხო ადამიანი მოვიდეს და გაუჩნდეს სურვილი, რომ რაღაც მაჩუქოს, მეგობრებმაც… ხან მეორეულ ტანსაცმელს ვყიდულობ ხოლმე, საინტერესო რაღაცებია და მსიამოვნებს შოპინგი იქ და ვიცვამ ბრენდულ ტანსაცმელსაც, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, როცა ამასაც გულწრფელად უდგები – დავინახე, მომეწონა და არ ჩავიცვი იმიტომ, რომ ვიფიქრე, რას იტყვის მეზობელი ნათელა, ეს არ არის მთავარი. შეიძლება, ოცჯერ გამოვიცვალო დღეში და ეს იყო ჩემთვის სასარგებლო, რადგან იმ წამს სწორედ ასე ვგრძნობდე თავს კომფორტულად.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Giorgi Toradze (@torchooo)

 

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

magti 5g