LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“ ევროპული კავშირის გადაწყვეტილებაზე: პირდაპირი მინიშნებაა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს ივანიშვილის ოლიგარქიული მთავრობის პირობებში

78
ლელო საქართველოსტვის

ევროპულმა კავშირმა გადადო განხილვა, რათა თავიდან აეცილებინა საქართველოსთვის კანდიდატობაზე კიდევ ერთხელ უარის თქმა, რაც კიდევ ერთი პირდაპირი მინიშნებაა, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს ივანიშვილის ოლიგარქიული მთავრობის პირობებში,- ამის შესახებ “ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წელს მოვამზადებთ – მიხაელ რუპი

„ლელო“ მიიჩნევს, რომ საჭიროა კონცენტრირება 12 პუნქტის სათანადოდ და დროულად შესრულებაზე და ამ მიზნით მხარს უჭერს პარლამენტის საგანგებო სხდომის ჩატარებას.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს დააკარგვინა ისტორიული შესაძლებლობა, მოეპოვებინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რამაც გადაწყვეტილების მიღების გაურკვეველი ვადით გადადება გამოიწვია.

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველა ძალისხმევა გაეღო უნიკალური ისტორიული მომენტის გამოსაყენებლად, დაბრუნებულიყო 19 აპრილის „მიშელის შეთანხმებაში“ და დროულად გაეტარებინა ყველა კრიტიკული რეფორმა, ხელისუფლებამ განაგრძო პოლარიზაციის გაღრმავება, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმა და ევრო-ატლანტიკური პოლიტიკური სტრუქტურებისადმი აგრესიული რიტორიკის წარმოება.

შედეგად, საქართველოს პარტნიორებმა მმართველ გუნდში ვერ დაინახეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოსაპოვებლად აუცილებელი რეფორმების გატარების ვერც სურვილი და ვერც უნარი.

სწორედ ამან გამოიწვია საქართველოს კანდიდატობის საკითხის გაჭიანურება და გადადება გაურკვეველი ვადით. მეტიც, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა დღევანდელ მოსმენაზე სრულიად მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მოქმედი ხელისუფლების და ოლიგარქიის პირობებში, რომელიც წლების განმავლობაში არსებული მოწოდების მიუხედავად, უარს აცხადებდა კრიტიკული რეფორმების გატარებაზე, დეკემბერში საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს.

რამდენადაც ჩვენი პარტნიორებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პრო-ევროპული არჩევანი, რომლის განხორციელებასაც წინ ეღობება „ქართული ოცნების“ უუნარო, ანტიევროპული ხელისუფლების საზიანო კურსი, ევროპულმა კავშირმა გადადო საკითხის განხილვა, რათა თავიდან აეცილებინა საქართველოსთვის კანდიდატობაზე კიდევ ერთხელ უარის თქმა.

ეს კიდევ ერთი სრულიად პირდაპირი მინიშნებაა, რომ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ივანიშვილის ოლიგარქიული მთავრობის პირობებში.

ამ ვითარებაში, ლელო მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ევროკავშირის მიერ მოწოდებული 12 პუნქტის სათანადოდ და დროულად შესრულებაზე.

სწორედ ამ მიზნით, „ლელო საქართველოსთვის“ მხარს უჭერს პარლამენტის საგანგებო სხდომას ევროკომისიის 12 პუნქტის დაუყონებლივ შესრულების მიზნით“,- აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

წუხილი და შეშფოთება პოლარიზაციის გამო – რა წერია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g