LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ვასაძე „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

92
ლევან ვასაძე

პოლიტიკური მოძრაობა – „ერთობა, რაობა, იმედი“ – ის დამფუძნებელი, ლევან ვასაძე „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, რეფერნდუმის ჩატარებას თავისი, მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგია აქვს და კანონით განსაზღვრულ ვადებში, ყველა დოკუმენტის შეგროვება მოხდება.

„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი – მოსახლეობის აზრით, უნდა აშენდეს თუ არა „ნამოხვანჰესი“ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად,“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ვასაძემ და რეფერენდუმის ჩატარების მეთოდოლოგიებზე ისაუბრა.

“ჩვენ, როგორც საინიციატივო ჯგუფი, უნდა მივიდეთ, დავრეგისტრირდეთ, ცესკო-ში შევიტანოთ ეს განაცხადი, მარტივი ფორმულირებით, შესაბამისი განხილვისა და პროცედურების შედეგად, უნდა მოგვეცეს ბლანკები ან ბიულეტენები, რათა კანონით განსაზღვრულ ვადებში შევაგროვოთ ხელმოწერების აუცილებელი რაოდენობა, რომელსაც ისევ ცესკო-ში მივიტანთ.

ეს რაოდენობა თუ არ ვცდები, არის 200 ათასი. ვადა გვაქვს სამი თვე. ერთი წამით ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შევძლებთ ამ რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებას. არსებობს პროცედურები პარლამენტში და პრეზიდენტთან, რომლის გავლის შედეგადაც, ეს საკითხი რეფერენდუმზე უნდა დადგეს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, მოძრაობამ იფიქრა იმაზეც, ამ რეფერენდუმთან დაკავშირებით, თუ როგორ ააცილოს ქვეყანას დამატებითი და საორგანიზაციო დანახარჯები.  როგორც ვასაძემ აღნიშნა, ეს არ არის რიგითი საინვესტიციო პროექტი და დიდი ხანია რიონის ხეობის მასშტაბებს გასცდა, გადავიდა სახალხო მასშტაბში. შესაბამისად, ვასაძის სიტყვებით, სახალხო აზრის გამოხატულებას ნამდვილად იმსახურებს.

“დავფიქრდით, მივედით დასკვნამდე, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარების მარტივი გზა, მისი ადგილობრივ არჩევნებთან დაწყვილება იქნება. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად იდება დამატებითი ბლანკი, რომელზეც დაწერილია შეკითხვა, ხართ თუ არა თანახმა, რომ „ნამოხვანჰესი“ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად აშენდეს – კი ან არა. არავითარ დამატებით ხარჯებს ეს არ წარმოადგენს, გარდა ქაღალდის დანახარჯისა,ზედმეტად საუბარი მოსახლეობასაც არ მოუწევს, ჩვენ ამით   საკითხს მარტივად გადავჭრით,“ – განაცხადა ლევან ვასაძემ.

პოპულარულები