„მე მაქვს ყველა დოკუმენტი იმისთვის, რომ ციხეში შემიშვან, თუმცა ამ დროისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შესვლის ნებართვა არ მომცა. იმედი მაქვს, ნებართვა იქნება,“ – ამის შესახებ გლდანის მე-18 დაწესებულებასთან ჟურნალისტებს უკრაინის პარლამენტის, უმაღლესი რადის, დეპუტატმა ლიზა იასკომ განუცხადა.
როგორც იასკომ აღნიშნა, მას ჯერჯერობით პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალებას არ აძლევენ.
ამასთან, რადას დეპუტატი უკმაყოფილოა სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის გამო და ამბობს, რომ საჭირო იყო უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმება, რადგან მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის მოქალაქეა.
„გადაიყვანეს რეკომენდაციის გარეშე, ადვოკატების და ნათესავების ინფორმირების გარეშე, უკრაინული მხარისთვის შეტყობინების გარეშე. რადგან ის უკრაინის მოქალაქეა, თუ საჭირო იყო მისი გადაყვანა, საჭირო იყო ამის შეთანხმება უკრაინის ხელისუფლებასთან. ის ჩუმად გადაიყვანეს. ეს, სამწუხაროდ, ევროპული ღირებულებების თვალსაზრისით, უკან გადადგმული ნაბიჯია“, – აღნიშნა იასკომ.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია საქართველოში უკრაინის ომბუდსმენის ჩამოსვლა. „პირველ რიგში ეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხია“, – დასძინა ლიზა იასკომ და გარდა ამისა, მან უმაღლესი რადის წევრების დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა.
„უკრაინის პარლამენტის დეპუტატები რამდენად მალე ჩამოვლენ, ამას შევხედავთ. ისინი დიდი ხანია გეგმავენ ჩამოსვლას. სურდათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩამოსულიყვნენ, რადგან არჩევნებამდე არ უნდოდათ შიდა საქმეებში ჩარევა.
ახლა კი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას. განცხადება გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას გაიგებს და მას გადაიყვანს იქ, სადაც, როგორც მინიმუმ, უსაფრთხოდ იქნება“, – აცხადებს ლიზა იასკო.