LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ერდოღანს – თურქეთი სირიაში საბრძოლო მოქმედებებს ხუთი დღით შეწყვეტს

136
1571335247-5da8ac9a6d3d9

აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაიკ პენსმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ანკარაში იმყოფება, დაადასტურა, რომ ქურთული დანაყოფების გაყვანა უკვე დაიწყო.

“დღეს სიამაყით გატყობინებთ, პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი მმართველობის წყალობით და პრეზიდენტ ერდოღანთან და თურქეთთან აშშ-ის მტკიცე ურთიერთობის დამსახურებით, აშშ-ი და თურქეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თურქული მხარე დააპაუზებს ოპერაციას, რათა ქურთების სახალხო შენაერთები უსაფრთხო ზონიდან გავიდნენ მომდევნო 120 საათის განმავლობაში. ხოლო ოპერაცია სრულად შეწყდება მას შემდეგ, რაც აღნიშნული ძალები გავლენ“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ აშშ-ი თურქეთს დამატებით სანქციებს აღარ დაუწესებს. მაიკ პენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი მზად არის, უკან გაიწვიოს ანკარისთვის დაწესებული სანქციები, როგორც კი სირიაში ცეცხლი შეწყდება.

თურქეთთან სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა ტვიტერის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ თურქეთიდან “შესანიშნავი ახალი ამბავი” მოვიდა.

“მადლობა ერდოღანს, მილიონი სიცოცხლე იქნება გადარჩენილი,”- დაწერა ტრამპმა.

ისტორია მოწყალე იქნება შენს მიმართ – რას წერს დონალდ ტრამპი თურქ კოლეგას