მაგდა ვასაძის ახალი სოლოსიმღერა, რომელიც ლილიკო ნემსაძემ დაუწერა, პირველად დღეს, „ფორტუნას“ გადაცემაში „ლიმონი“ აჟღერდა. სიმღერა სასიყვარულოა, მისი სახელწოდებაა „ამბობენ“.

სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, მაგდა ამბობს, რომ საქართველოში ამ მხრივ საკუთარი თავი ამოწურა. Fortuna.ge-სთან საუბრისას მომღერალმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებას გეგმავს, მანამდე კი ბენდი The Five დაიწყო მუშაობა და ასევე რამდენიმე სიმღერის ჩაწერასაც გეგმავს.

მაგდა ვასაძე:

ახალი სიმღერა რადიო „ფორტუნაში“ მოვიტანე. მისი სახელწოდებაა „ამბობენ“ და ლილიკო ნემსაძეს (ტექსტი ნანა ცინცაძე) ეკუთვნის. სოლოსიმღერების ჩაწერას კიდევ ვაპირებ. მაქვს ნატო ღოღობერიძის სიმღერები, ასევე მაია კაჭკაჭიშვილის კომპოზიცია. მსმენელს მათ ეტაპობრივად შევთავაზებ.

ვიცი, რომ ახალ ბენდში მღერი…

„გუფი ლენდიდან“ წამოსვლის შემდეგ იქ ახალი სოლისტი მივიდა. ფონოგრამებზე სიმღერა ძალიან არ მომწონს, ოთხი წელი რომ ლაივბენდთან ერთად გამოდიხარ, რთულია ისევ მინუსფონოგრამაზე სიმღერა. დამირეკეს The Five-დან, შევთანხმდი და სამ დღეში რეპერტუარი გავაკეთეთ. ცალკე ჩემთვისაც გავაკეთებ რაღაცებს, მაგრამ ბენდის გარეშე აღარ შემიძლია. შესაძლოა, ბენდში ჩემი სიმღერებიც გავაკეთო. „ამბობენ“ ცოტა ლირიკული სიმღერაა და არ ვიცი, შევა თუ არა ჩვენს რეპერტუარში. მაინც „ქავერ ბენდი“ ვართ, მაგრამ გვაქვს რამდენიმე ქართული სიმღერა, რომლებიც ჩვენებურად გავაკეთეთ და ვასრულებთ. მოკლედ, გააჩნია, როგორ აიტაცებს ხალხი და რამდენად რეიტინგული იქნება.

ქავერების შესრულების დრო არ დასრულდა, შენი აზრით?

ჩემი აზრით, დამთავრდა, უბრალოდ, საქართველოში სხვანაირად საკუთარი თავის რეალიზებას ვერ მოახერხებ, სამწუხაროდ. არ მაქვს ქავერების შესრულების სურვილი, მაგრამ მასობრივად ითხოვენ ცნობილ სიმღერებს. ერთი პერიოდი გავაკეთე სხვა სიმღერები, მაგრამ ხალხს გართობა სურს და არა მომღერლის მოსმენა.

ვფიქრობ საქართველოდან წასვლაზე, იმედია, ეს დრო მალე დადგება.

იმიჯზე მინდა გკითხო, რომელსაც ხშირად იცვლი…

არ მიყვარს დავარცხნილი გარეგნობა. მიყვარს ორიგინალური და ავანგარდული იმიჯი. ყოველთვის რაღაცას ვიცვლი, ხან ქიმიას ვიკეთებ, მოკლედ, თმა გავიუბედურე. რაღაც პერიოდი მუქი ფერის თმა მქონდა, მაგრამ ვერ შევეგუე, ისევ გავვარდისფერდი, ახლა ვფიქრობ დრედების გაკეთებაზე. უფრო მხიარული და ლაღი ვხდები, მომწონს საკუთარი თავი მრავალფეროვანი გარეგნობით. მბეზრდება ძველი და სიახლეები მომწონს.

შენი აზრით, მუსიკალურმა კონკურსებმა რა მოგცა?

პირველად ძალიან ბევრი რამ. ბათუმში კი ვმღეროდი, მაგრამ ეს მხოლოდ შემოსავალი იყო. მინდოდა გამოჩენა და „ვოისმა“ კარგი შედეგი დადო. რაც შეეხება „იქს ფაქტორს“, იქაც კონკრეტული მიზანი მქონდა, არასდროს გამოვსულვარ ფილარმონიის სცენაზე და ამისი სურვილიც მქონდა. ბენდიდანაც წამოვედი, მსურდა, ხალხს ენახა რეალური მაგდა ვასაძე. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ იქიდან ბევრი რაღაც წამოვიღე, რადგან უამრავი რამ ვიცოდი, სცენაზე დგომით კი მართლაც დიდი სიამოვნება მივიღე.

საზღვარგარეთ ცდი ისევ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას?

აქ ამ მხრივ საკუთარი თავი ამოვწურე, საზღვარგარეთ კი ვცდიდი მონაწილეობას, ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ. იქ მასშტაბები დიდია და მუსიკალურ კონკურსში მოხვედრაც ბევრად რთულია…

ნინო მურღულია

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05