პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და მთავრობას მიმართავს შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად.
„აქონდროპლაზიით დაავადებული 12 ბავშვი დაფინანსების მოლოდინშია. ამ დაფინანსებაზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე და ეს საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს.
მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა ამ ფონდის დაფინანსებაში.
არის საკითხები, რომლებიც ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. მოდით, ვისწავლოთ ასეთი საქმეების ერთობლივად კეთება პოლიტიკის გარეშე, ვისწავლოთ გაერთიანება პრობლემის გარშემო, ვისწავლოთ ერთად სიკეთის კეთება,“ – წერს მამუკა ხაზარაძე.
ამასთან, ხაზარაძე პოსტის კომენტარში წერს, რომ მისგან „პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება“.