საცობები დედაქალაქისთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელიც ამ დრომდე ვერა და ვერ მოგვარდა და უფრო მეტიც, აღნიშნული თანაბრად აწუხებთ როგორც თავად მძღოლებს, ისე ფეხით მოსიარულეებს. მიუხედავად ამ საკითხის ირგვლივ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობისა, ფაქტია, რომ საცობების განსამუხტად, საკმარისად მოქნილი პროექტის შემუშავება ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა. 

„ფორტუნა“ ამ თემაზე ავტომრბოლელს, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, მევლუდ მელაძეს ესაუბრა. მან ჩვენთან საუბრისას, საცობების შექმნის წინაპირობებსა და მისი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრა.

როგორც მევლუდ მელაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, პირველი, რაც საცობებს ქმნის, გზის ერთმანეთთან გვერდული კვეთები და გასაჩერებელი წერტილებია. მისივე თქმით, რაც მეტია გასაჩერებელი წერტილები, მით მეტად იქმნება საცობები.

 

საცობები – დედაქალაქის ყოველდღიური პრობლემა

 

„მანდეთ გზების მოწყობა და გპირდებით, რომ საცობებს გავაქრობ“ – ამის შესახებ მელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ჩვენთან საუბრისას კი დეტალურად აღწერს, როგორ ხედავს პრობლემის გადაჭრის გზებს.

მევლუდ მელაძე: „თუ დავაკვირდებით, უბნებს შიგნით მოძრაობა ასე თუ ისე ნორმალურია, პრობლემა ყოველთვის უბნიდან უბანში გადასვლისას ჩნდება. მაგალითად, დიღმიდან საბურთალოზე, საბურთალოდან ვაკეში და ა.შ. მით უმეტეს, სადაც მაღალი კორპუსებია და იმ უბნებში ბევრი მოსახლეობაა.

გარეუბნებში ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი – გლდანიდან გამოსვლა და გლდანში შესვლა, უკვე სერიოზული პრობლემაა. თუ მოხვდი როგორღაც აღმაშენებლის ხეივნამდე, მერე კი მოძრაობ, მაგრამ იქ მისასვლელად ხომ გზა გჭირდება. შესაბამისად, საჭიროა განიერი მაკავშირებელი ან ნაკლები და საერთოდ ნიშნის გარეშე. მოდი ასე ავხსნათ, ახლა ტენდენცია გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი შუქნიშანი გაჩნდეს, რაც ვფიქრობ, არასწორია.

ცხადია, ფეხით მოსიარულეების ინტერესის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მათთვის შესაძლოა ისე გაკეთდეს გადასასვლელები, რომ შუქნიშანი არ იყოს. პრიორიტეტულ ქვეითთათვის ზებრა მაინც არის და ეს პრობლემა არაა.“

ავტომრბოლელმა საცობების განმუხტვის გზებზე საუბრისას ერთ-ერთ მოდელზე – 30/70-ზე ისაუბრა. როგორც მელაძემ გვითხრა, ჯერჯერობით ეს თემა ვირტუალურად ტრიალებს, თუმცა მისი აზრით, ეს მოდელი ძალიან კარგად იმუშავებს.

„რას გულისხმობს ეს პროექტი: ის, რომ ფეხით მოსიარულეებისთვის, უზარმაზარი კონსტრუქციის, მაღალი ხიდი გადასასვლელები იყო, არასწორი მიდგომაა, რადგან მოუხერხებელია და მას არავინ იყენებს.

ადამიანს გასასვლელად 3 მეტრის სიმაღლე სავსებით ჰყოფნის ხომ? წარმოიდგინეთ სანაპიროზე გადასასვლელი – სანაპირო მანქანებისთვის 2 მეტრის სიმაღლით, ბორცვივით რომ აიწიოს და ფეხით მოსიარულეთათვის, 1 მეტრით დაბლა ჩაიზნიქოს. ანუ, ფეხით მოსიარულეთათვის გაჩნდეს უფრო მოსახერხებელი, შუქნიშნის გარეშე მქონე გადასასვლელი.

შესაბამისად, აღმოჩნდება ისე, რომ გზის ერთი ნაპირიდან მეორეზე ისე გადახვალთ, რომ არც შუქნიშანი დაგჭირდებათ და ამავდროულად არც მანქანების მოძრაობა შეფერხდება, საუბარია მხოლოდ 1 მეტრიან დახრაზე. მაგალითად მკითხველისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი რომ იყოს: გაშალეთ ხელის მტევანი და თითები ოდნავ მოხარეთ, ჩათვალეთ, რომ მოხრილი თითების ნაწილი მანქანის გზაა, რომელიც ზემოდან გადადის, ხოლო დაბლა ქვეითების გადასასვლელი.

 

 

საუბარი არ არის მიწისქვეშა ტიპის გადასასვლელებზე, რომელიც მიწის ქვემოთ ძალიან ღრმად ჩადის და ამასთან, განსაკუთრებით მოუხერხებელია შშმ პირებისთვის. ამის გაკეთება ძალიან მარტივია და მეტი თვალსაჩინოებისთვის შემიძლია ერთი მაგალითი მოგიყვანოთ.

რუსთავის ავტოდრომზე აბსოლუტურად შემთხვევით გავაკეთეთ, მოხდა ისე, რომ როცა კონსტრუქტორებმა ეს დათვალეს და ბევრი საუბარი იყო გადასასვლელებზე, აღმოჩნდა, რომ ერთმანეთთან დამაკავშირებელი იყო საჭირო. ერთი ტრაქტორით, ერთ დღეში გაკეთდა ზოლი, ჩაიდო ბეტონის მსგავსი რამ ფეხით მოსიარულეთათვის და გაკეთდა გადასასვლელი, ყოველგვარი ჩასასვლელის და კიბის გარეშე, ქოლგასავით ჩაზნექილი, მანქანები კი ზემოდან ჩვეულებრივ დადიან, ისე რომ ამას ვერც ვერავინ ამჩნევს, თუ მეორე მხარეს გადასვლა არ სჭირდება“, – უთხრა „ფორტუნას“ ავტომრბოლელმა.

 

 

რა უნდა გაკეთდეს პრობლემის გადასაჭრელად საწყის ეტაპზე

 

მევლუდ მელაძის მოსაზრებით, ნებისმიერი გზაზე, რომელიც ახლა კეთდება, 30/70-ზე მოდელის დანერგვა სრულიად შესაძლებელია და ამისთვის მცირე ფინანსური დანამატი იქნება საჭირო.

„ამ პროექტის გათვალისწინება, დიდ ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებული არ გახლავთ. ერთი კონკრეტული ნაწილი არანაირად არ დაჯდება იმაზე მეტი, ვიდრე შუქნიშანი. ძალიან ბევრი კვანძის გაკეთება შეიძლება და ერთს მაგალითისთვის მოვიყვან – სასტუმრო „რუმსთან“ ასასვლელი ჭოველიძის ქუჩა, სადაც ფეხით მოსიარულეები ძალიან ინტენსიურად დადიან, ვერაზე ასასვლელად კი მხოლოდ ერთი ასასვლელია და შესაბამისად, ძალიან ბევრი მანქანა გროვდება. ამ ქუჩაზე შეიძლება მსგავსი გადასასვლელის გაკეთება, სადაც ფეხით მოსიარულეები ჩვეულებრივად გაივლიან და არც მანქანები გაჩერდებიან“, – გვითხრა მან.

 

 

ზედმეტი შუქნიშნები და არასაკმარისი ავტოსადგომები – საცობების წინაპირობა

 

ამ მოდელზე საუბრისას, მელაძემ გვითხრა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. მისი თქმით, მთავარი მაინც შუქნიშნების რაოდენობაა, რომელიც არასწორია და ამდენი საჭირო არაა.

„ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითი, რომ მართვის მოწმობააღებული ნებისმიერი პირი, რომელსაც თამამად სიარული ეშინია და მეორე კატეგორია, რომელსაც მართვის დიდი გამოცდილება აქვს, მათ მაინც კიდევ უნდათ დრო წითლიდან მწვანეს ანთებამდე, რომ მიიხედონ-მოიხედონ და დარწმუნდნენ, რომ უსაფრთხოდ გავლა შეუძლიათ. ანუ, ორი ასეთი მძღოლი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მომდევნო წითელი აინთოს და დანარჩენებმა ვერ გაიარონ. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებად იქნება ჭრები შუქნიშნების შემდეგ, მით უფრო მეტად განიტვირთება მოძრაობა.

 

 

შეგვიძლია სამოძრაო ზოლები დაბალსიჩქარიანი გავაკეთოთ, ზებრებზე მეტად დავუთმოთ ადამიანებს, თუნდაც იგივე მეტი მწოლიარე პოლიციელები გავაკეთოთ, მაგრამ არა გასაჩერებელი ადგილები, სადაც ეს საჭირო არ არის. ერთით მეტი გაჩერება, ეკოლოგიურადაც პრობლემურია, რადგან დაძვრის დროს ავტომობილს ყველაზე მეტი გამონაბოლქვი აქვს და მეორე მხრივ, საცობებს ქმნის.

კიდევ ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან, რომელიც თვალშისაცემია ხოლმე: ყიფშიძის ქუჩიდან გამოსასვლელი, რომელიც 3 წუთიანი იყო და კატასტროფული. ბევრი მსჯელობის შემდეგ, ყიფშიძიდან გამოსასვლელი შუქნიშანი საერთოდ გაუქმდა. დღეს კი, ამ გამოსასვლელში არც საცობია და არც საფრთხეს უქმნის ვინმეს. ქალაქში მსგავსად ძალიან ბევრი კვანძის გაკეთება შეიძლება.

ცხადია, არის ადგილები, სადაც შუქნიშანი გარდაუვალია, თუმცა ასევე ძალიან ბევრი ადგილია, სადაც შუქნიშნის საჭიროება საერთოდ არ დგას – ანუ, ერთით მეტი გაჩერება, ერთით მეტი საცობის მაპროვოიცირებელია“, – მიიჩნევს მევლუდ მელაძე.

ავტომრბოლელი ასევე ფიქრობს, რომ საცობების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ავტოსადგომების არასაკმარისი რაოდენობაა. მისი თქმით, „პარკინგი“ პრობლემის ნაწილია და ცალკე გადასაჭრელი.

„იმიტომ, რომ საკმარისი საპარკინგე ადგილები არაა და იმიტომ, რომ მანქანები ბორდიურებზე გვერდულად, კუდგამოსული მანქანები დგას, ისინი ცალკე საცობს ქმნიან, ეს ცალკე პრობლემაა. იყო მაგალითად ასეთი ინიციატივა, რომ პეკინის ქუჩის ქვეშ პარკინგი ყოფილიყო, თუმცა თავის დროზე, ამაზე პასუხისმგებლობა არავინ აიღო. თუ პრეცედენტი არ შეიქმნა და „პარკინგის“ ცვლილებების სისტემამ არ იმუშავა, მაშინ ბიზნესისთვის ამ პროექტის დაფინანსებას აზრი ეკარგება.

„პარკირების“ წერტილები უნდა გაჩნდეს ისეთ ადგილებსა და უბნებში, სადაც საცობების ალბათობა მაღალია და არასწორად გაჩერებული მანქანები ძალიან ბევრია. ამ ადგილებში ცალკე წერტილები უნდა გაჩნდეს და ცხადია, ფასიან „პარკირებას“ ვგულისხმობ, ისე როგორც ეს რამდენიმე ქვეყანაშია და არაფერს ახალს არ ვიგონებ. მაგალითად უნდა ავიღოთ რამდენიმე სახლი, რომელიც შეძენილი იქნება და ამ ადგილას ახალი წერტილები გაჩნდება.“ – თქვა „ფორტუნასთან“ საუბრისას მევლუდ მელაძემ.

 

 

 

 

 

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები