ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელი მარინა ჩაიკა, საქართველოსთან რამდენიმე წელია აქტიურ კავშირშია, თუმცა საცხოვრებლად სულ რაღაც ორი თვეა ჩამოვიდა. მისი ერთი ჩვეულებრივი დღეც შეიცვალა. დილას ჯანსაღი ცხოვრების წესით იწყებს, ვარჯიშობს, შემდეგ ძაღლს ასეირნებს, ქალიშვილს სკოლაში აცილებს და საკუთარ საქმიანობას იწყებს.

• 4 წელი ორ ქვეყანაში ვიცხოვრე, კიევსა და თბილისში, მსგავსი პროექტები სხვა ბევრ ქვეყანაშიც გამიკეთებია, მაგრამ თავი ასე კომფორტულად არსად მიგვრძნია. საქართველო ჩემი მეორე სამშობლო გახდა. მთელი ჩემი ცხოვრება აქ არის – მეგობრები, სამსახური. თან ნელ-ნელა არაკომფორტული გახდა აქეთ-იქით სიარული. იყო ისეთი შემთხვევები, როცა თვეში 5 ფრენა მქონდა, რაც ცუდად აისახებოდა, როგორც ჩემს ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ცერემონიამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, რა თქმა უნდა ბევრი საქმე მაქვს.

8 წლის მაშა დედასთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. ქართულ ენას აქტიურად სწავლობს. უყვარს ქართველი ხალხი და გარემო სადაც ის იმყოფება

• თავიდან მარტო ჩამოვედი, ახლა ჩემთან ერთად ჩემი ქალიშვილიც არის, რომელიც თბილისში სწავლობს. 4-5 წლის ასაკში ბებიასთან ცხოვრება მისთვის პრობლემა არ იყო, თუმცა ახლა 8-ის არის და მასაც და მეც გვინდა, რომ ერთად ვიყოთ. მაშას მოსწონს აქ ყოფნა. სწავლობს ქართულ ენას. ჩემი მშობლები კიევში ცხოვრობენ. დედა ჩემთან ერთად საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდოდა, თუმცა, მამასთვის ეს ამბავი რთულია. მან საკუთარი ხელით ააშენა ის სახლი, სადაც ახლა ცხოვრობენ. ვგრძნობ, რომ საქართველო ჩემი ქვეყანაა, ის ადგილი, სადაც უნდა ვიცხოვრო.  არის ბევრი რამ, რაც ჯერ კიდევ გასაკეთბელია, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ჩემს თვალწინ ქვეყანა იცვლება, ვითარდება და ამ პროცესებში მეც ვარ ჩართული. საქართველოში განსაკუთრებული ენერგიაა, რაც საშუალებას მაძლევს თავი კომფორტულად ვიგრძნო.

როგორც თავად ამბობს მისი მთავარი მიზანი ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაა, მაგრამ არის კიდევ ერთი რამ რისი გაკეთებაც უნდა, თუმცა ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ ტოვებს. ის ტურიზმთან დაკავშირებული არ არის და სავარაუდოდ ამ იდეის გაანხორციელებას მომავალი წლიდან დაიწყებს. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ამბობს, რომ პარტნიორი არ ჰყავს. ხუმრობით იმასაც აღნიშნავს, რომ პარტნიორი მისი პროექტია, ქართველი კაცები კი მისთვის სტერეოტიპულები არიან.

• დაქორწინებული არ ვარ. რაც შეეხება ქართველ კაცებს, როგორც აღმოჩნდა, მათთვის რთული ვარ, რადგან შინაგანად ძალიან თავისუფალი ვარ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლება მიყვარს, უბრალოდ ქართველ კაცებს სპეციფიკური ხასიათი აქვთ. მათ შეუძლიათ მიგითითონ, თუ რა უნდა გააკეთო და რა არა. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ პრობლემა სტერეოტიპებსა და კომპლექსებშია. არადა სულაც არ არის რთული საკუთარ თავზე მუშაობა და თანამედროვეობისთვის ფეხის აყოლა. მე ძალიან ემოციური ვარ. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ თუ ამ ემოციებს დავმალავ, მე მე აღარ ვიქნები, მაგრამ ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, რომ საკუთარი ემოციები სხვა გზით გადმოვცე. იმიტომ, რომ კაცისთვის შესაძლებელია ჩემი ემოციურობა მიუღებელი იყოს. ხანდახან შეიძლება თქვან, რომ აგრესიული ხარ. თუმცა მე მიმაჩნია, რომ ქართველი ქალებიც არანაკლებ ემოციურები არიან, ვიდრე კაცები.

მეუბნებიან, რომ ძლიერი ქალი ვარ, რაც ჩემთვის პრობლემა არ არის, თუმცა ეს ყველაფერი კაცებისთვის ხშირად პრობლემაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ურთიერთობა ისეთ ადამიანთან მქონდეს, რომელსაც ბოლომდე ვენდობი და რომელიც ბოლომდე მენდობა. ამიტომაც ამ ეტაპზე ურთიერთბა არავისთან მაქვს. როგორც ჩანს ასეთი ადამიანი ვერ ვიპოვე. ქალი რაც არ უნდა ძლიერი იყოს საქმეში, ის მაინც ქალია. მე პირადად შემიძლია სამზარეულოში გემრიელი კერძების კეთება მიუხედავად იმისა, რომ კარიერაში წარმატებული ვარ. იმის დაჯერება, რომ პირადშიც და კარიერაშიც ძლიერი იყო კაცებს ხშირად უჭირთ.

საინტერესოა როგორი მამაკაცები მოწონს მარინა ჩაიკას. როგორც აღმოჩნდა გარეგნობა მთავარი არ არის

• რა თქმა უნდა გარეგნობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას უფრო მეტ ყურადღებას სტუდენტობისას ვაქცევდი, ახლა კი წინა პლანზე სხვა კრიტერიუმებია. მთავარია ვიგრძნო, რომ ის ჩემი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ადამიანი ვარ, ურთიერთობაში მომწონს, როცა ქალად ვგრძნობ თავს.

მარინა ჩაიკა ამ ეტაპზე ცერემონიისთვის ემზადება, რომელიც წელს მასშტაბურად 600 სტუმართან ერთად აღინიშნება. საკუთარ თავს ბოლომდე საქართველოში ხედავს. თავად ამბობს, რომ აქ რაღაც განსაკუთრებულმა ძალამ მოიყვანა. კახეთი მისი ფავორიტი ადგილია. რაჭაში და მესტიაში წასვლის სურვილი აქვს. თხილამურებზე სულ ცოტა ხნის წინ დადგა ამიტომ წლევანდელ ზამთარში გუდაურს ესტუმრება. გერგეთი კი ის ადგილია, სადაც აღფრთოვანებისგან ცრემლებს ვერ იკავებს.

მსგავსი თემები