გორის რაიონულმა სასამართლომ ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულს 2 თვიანი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც დაკავებული ვასილ ოქროპირიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ტომ კენედი მან მარტომ, გაძარცვის მიზნით „გათიშა,“ თუმცა მსხვერპლმა წამოდგომა შეძლო და გაქცევა სცადა, რა დროსაც წაიქცა, თავი ბეტონს დაარტყა და მტკვარში გადავარდა. მანვე ჩააბარა ტურისტის კუთვნილი ტელეფონი ლომბარდში და საბანკო ბარათიდან ფული მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, 28 წლის ტურისტი, ტომ კენედი გორში 7 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიების თანახმად, 4 პირი უცხოელ ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდო.
მომხდარზე შსს-მ 5 პირი გუშინ, 10 ოქტომბერს დააკავა.