LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე-6 ტალღის საშიშროება დგას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, სადაც „ომიკრონი“ შევა” – ივანე ჩხაიძე განმარტავს, როდის ჩაანაცვლებს საქართველოში “ომიკრონი” “დელტა” შტამს

432
BeFunky-collage (3)

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია. მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა”, – აღნიშნავს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მას სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ” გლობალურ რისკს წარმოადგენს.

კორონავირუსის ახალ შტამთან, „ომიკრონთან“ და აქედან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით, რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

“ომიკრონის” შესაჩერებლად ორი მიმართულებით არის სამუშაო” – რა გეგმაზე საუბრობს კალოიანი

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა.

რა ვიცით ბატონო ივანე ომიკრონის შტამზე, მიდის საუბარი, რომ აღნიშნული შტამი სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, რა საფრთხეებს ხედავთ თქვენ ამ შემთხვევაში?

„საფრთხეების შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 25 ნოემბრიდან გვაფრთხილებს, 25 ნოემბერია სწორედ ის დღე, როდესაც პირველად იყო განხილული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ „ომიკრონის“ რამდენიმე თვისება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მისი გადამდებლობა, როგორია მისი მიმდინარეობის სიმძიმე და მოქმედებენ თუ არა მასზე ვაქცინები.

აი ამ სამი კომპონენტის შეფასების შემდეგ დღეისათვის უკვე შეიძლება ითქვას დადასტურებულად, რომ “ომიკრონი” არის დღეისათვის არსებულ მუტაციებს შორის ყველაზე სწრაფად და იოლად გავრცელებადი, ყველაზე რეზისტენტულია ვაქცინების სტანდარტული 2 დოზის მიმართ. ჯერჯერობით ღია არის საკითხი შეუძლია თუ არა “ომიკრონს” უფრო მძიმე დაავადების გამოწვევა, ვიდრე დღეისათვის ყველაზე მძიმედ მიჩნეულ „დელტა“ ვარიანტს.

თუმცა მხოლოდ ის ფაქტი, რომ „ომიკრონი“ არის სწარაფად გავრცელებადი, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემისთვის.

„ომიკრონი“ არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა, არც უკანასკნელი - მოვუწოდებ, ვისაც ორი დოზა აქვს გაკეთებული, გაიკეთოს მესამე, ვისაც არ აქვს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვაქცინაციას: თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში მოსალოდნელია „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება, უფრო სწრაფი, ვიდრე „დელტა“ შტამი ვრცელდებოდა.

ერთი ქვეყნის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, დიდ ბრიტანეთში პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი დაფიქსირდა იანვრის დასაწყისში 67 000 შემთხვევა. ახლა კი ბოლო მონაცემებით, „ომიკრონთან“ დაკავშირებული არის 92 000 შემთხვევა.

არ დაგვავიწყდეს, რომ დიდი ბრიტანეთი ჩვენზე უფრო მეტად ვაქცინირებული ქვეყანაა. 67 000-დან 92 000-მდე ავიდა ინფიცირების მაჩვენებელი.

თქვენი ვარაუდით, როდის ჩაანაცვლებს საქართველოში “ომიკრონი” “დელტა” შტამს?

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა. აქაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სხვა ქვეყნის გამოცდილება.

სამხრეთ აფრიკაში ამ ჩანაცვლებას დასჭირდა 3-კვირიანი პერიოდი. ძალიან სწრაფად ჩაანაცვლა“ომიკრონმა“ „დელტა“ ვარიანტი.

ექსპერტების აზრით, ყოველ 2 დღეში ორმაგდება შემთხვევევის რაოდენობა და საშუალოდ ითვლება, რომ 3-5 კვირის განმავლობაში „ომიკრონმა“ შეიძლება ჩაანაცვლოს „დელტა“ ვარიანტი.

“ომიკრონი” სწრაფად გადამდებია და ინფიცირებულების რაოდენობა უფრო მეტი იქნება: მარინა ენდელაძე

თქვენ არაერთხელ ისაუბრეთ, რომ ბავშვებში საავადმყოფოში მოხვედრის რისკი „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევაში გაცილებთ მაღალია, ვიდრე „დელტას“ დროს იყო. როგორია კლინიკური მიმდინარეობა ბავშვებში? მსუბუქად შეიძლება მიმდინარეობდეს თუ გარკვეული სიმძიმე ახასიათებს?

72 000 ადამიანის შესწავლის შედეგად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვებში 20%-ით მეტია „დელტასთან“ შედარებით ჰოსპიტალიცაზიის აუცილებლობა.

ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და ძალიან სახიფათო, მაგრამ ზოგადი შეფასება ომიკრონის მიმდინარეობის ბავშვებში მიუთითებს მის მსუბუქ ხასიათზე. მიმდინარეობს როგორც გაციება, ყელის ტკივილი, ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამონადენი, შესაძლებელია იყოს ხველა, მსუბუქი თავის ტკივილი. არანაირად არ ჰგავს „დელტასათვის“ დამახასიათებელ გრიპის სიმპტომატიკას, უფრო მეტად წააგავს გაციების სიმპტომატიკას.

მსუბუქია, გრძელდება 3 დღის განმავლობაში. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ სამხრეთ აფრიკელი კოლეგებისგან ვიგებთ.

აქვე მინდა დავამატო სხვა ქვეყნის მონაცემები, ეს არის დიდი ბრიტანეთი და აშშ, ისინი ასევე მიუთითებენ მსუბუქ მიმდინარეობაზე.

მაგრამ, ჯერჯერობით ეს არის ნაკლები კვლევის შედეგი, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მონაცემი არა სამხრეთ აფრიკიდან, არამედ ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდანაც.

„ომიკრონის“ დაფიქსირების გამო, ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას არ ველოდები: ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, "დელტა“ შტამის ჩანაცვლებას ალბათ, 2 თვე დასჭირდება

სავარაუდოდ, ალბათ დეკემბრის ბოლოს უკვე იმდენი მონაცემი იქნება დაგროვებული, რომ შეგვეძლება უფრო მარტივად ვთქვათ, პირველ რიგში, არის თუ არა უფრო მძიმე მიმდინარეობის და რაიმე განსხვავებული ხომ არ არის როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის მოსახლეობაზე, ვინაიდან სამხრეთ აფრიკა ახალგაზრდა მოსახლეობაა, იქ ინფიცირებულთა უდიდესი პროცენტი 30-დან 39-წლამდე ასაკის იყო.

ამიტომ ძნელი სათქმელია როგორ მოიქცევა „ომიკრონი“ უფრო ხანშიშესულ მოსახლეობაში, ეს ჯგუფები ჯერჯერობით შესწავლილი არ არის.

ეს რისკი რეალურად განიხილება, რომ მიუხედავად მიმდინარეობის სიმარტივისა და სიიოლისა, 65 წელს გადაცილებულებში, მოსახლეობაში ისედაც ქრონიკული დაავადებების ალბათობა ძალიან მაღალია, გაციების სახით მიმდინარე დაავადებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ის მდგომარეობა, რაც საავადმყოფოში მოთავსების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

„ომიკრონი“ არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა, არც უკანასკნელი – მოვუწოდებ, ვისაც ორი დოზა აქვს გაკეთებული, გაიკეთოს მესამე, ვისაც არ აქვს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვაქცინაციას: თენგიზ ცერცვაძე

ვიცით, რომ არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას სპეციალისტები ზოგადად მძიმედ აფასებთ. სადღესასწაულო პერიოდია ქვეყანაში, მოსალოდნელია მობილობის გაზრდა, რამაც შესაძლოა ინფიცირებულთა და, სამწუხაროდ, ლეტალობის მაჩვენებლების საგრძნობი მატება გამოიწვიოს.

თქვენი პროგნოზი როგორია, დგას ქვეყანაში მეექვსე ტალღის საშიშროება?

„მეექვსე ტალღის საშიშროება დგას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, ზოგან ეს მე-5 იქნება, ზოგან მე-6 სადაც „ომიკრონი“ შევა.

ამის ალბათობა არის ძალიან მაღალი. ეს არის სწორედ ძირითადი, რის შესახებაც გვაფრთხილებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, „ომიკრონის“ შესვლამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის მატების ახალი ტალღა.

ეს მოლოდინი, სამწუხაროდ, არსებობს.

ჩვენ არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ეს მართლაც მკაფიო რეკომენდაცია და ის გამოცდილება, რაც რამდენიმე ქვეყანას უკვე დაუგროვა.

დიახ, მე-6 ტალღის ალბათობა ქვეყანაში „ომიკრონის“ დომინანტობასთან დაკავშირებით ალბათ იქნება მოსალოდნელი,“-განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები