დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან, – ამ სიტყვებით მიმართა გიორგი გახარიამ ყოფილ თანაგუნდელებს. პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა საკუთარი თავი თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა. გახარიამ თქვა, რომ ის ამ ნაბიჯს დგამს, პარტიის მერობის სხვა კანდიდატების მიმართ სოლიდარობის ნიშნით, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა.
„მე მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან, მეგობრებო, თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან და მე სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომლებსაც უაღრესად მძიმე პირობებში უწევთ დღეს ბრძოლა საქართველოს მოქალაქებიის ინტერესების დასაცავად, მე ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ისინი კონკრეტულ გეგმას შესთავაზებენ თბილისელებს, როგორ უნდა გახდეს დედაქალაქი “პირველი მეგაპოლისი ჩვენს დიდ რეგიონში”.
“მე ამ ქალაქში დავიბადე, მე თბილისში გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ და ბევრზე უკეთესად ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს და ისიც ძაან კარგად მესმის, რომ ამ ქალაქს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ღირსების და სამართლიანობის შენარჩუნება”, – ამბობს გახარია.