LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგრელიშვილი ოქრიაშვილზე: იმდენად ბრიყვია, იმასაც ვერ ხვდება, რას ლაპარაკობს, სინამდვილეში, ჩვენი ქცევა ერთადერთი ნორმალური საქციელია

198
ing

პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” ელისაშვილის პარტიას და “გირჩს” ოპოზიციად ასაღებს, თუმცა ეს პარტიები ივანიშვილის “ოცნების” ისეთივე ნაწილია, როგორც ახლახან დაფუძნებული “ყაველაშვილის ტრიო”, “გირჩის” დეპუტატი – ვახტანგ მეგრელიშვილიც ეხმიანება.

იოსელიანი ოქრიაშვილს: კახა, ჯიგარო, 2012 წლამდე “ნაცი” იყავი, 2016-ში “გაქოცდი”, 2020-ში ისევ “განაცდი” და 2024-ში ისევ “ქოცობა” გიწევს, მოდი, ისე ნუ იზამ, უკან მოსაბრუნებელი პირი არ დაიტოვო

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, კახა ოქრიაშვილი იმდენად ბრიყვია, რომ არ ესმის, რას ლაპარაკობს:

“კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ ჩვენ ვვაჭრობთ. კი, ჩვენ ღიად ვვაჭრობთ. გვგონია, რომ პოლიტიკა არის ღია მოლაპარაკება, რაც თავისი შინაარსით ფაქტობრივად ვაჭრობაა.

ამავე დროს კახა ოქრიაშვილისგან ძალიან უცნაურია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“, ახლა უკან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა. გამოდის, რომ ერთადერთი გზა პოლიტიკაში ყოფნის ომი და ბრძოლაა.

ჩვენ პოლიტიკას ასე საერთოდ არ აღვიქვამთ. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, საჯაროდ ვაკეთებთ. ზოგადად, მაინტერესებს, რას ნიშნავს „ქოცობა“ და მიყიდვა. თუ რამე ფული მაქვს ასაღები, მინდა, რომ ავიღო, რადგან არ აგვიღია. თუ ეს რამე ღირს და რამეს ნიშნავს, დაასახელოს, რას ნიშნავს. თვითონ ხომ იყო „ქართულ ოცნებაში“, ეს როგორ გამოვიდა ან უკან როცა ბრუნდებიან, მაშინ რა ხდება. ჩვენ მართლა თუ მოვახერხეთ და ის, რასაც კახა ოქრიაშვილი ამბობს, საკონსტიტუციო ცვლილებები გამოგვივიდა, ამაზე მნიშვნელოვანი რამის გაკეთება მეათე მოწვევის პარლამენტში ფიზიკურად შეუძლებელია.

კახა ოქრიაშვილი იმდენად ბრიყვია, რომ იმასაც კი ვერ ხვდება, რას ლაპარაკობს. სინამდვილეში, ასე ქცევა, როგორც ჩვენ ვიქცევით, ერთადერთი ნორმალური საქციელია. ეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საერთოდ არ ესმის. ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა ხელჩართულ ომშია ერთმანეთთან და ნებისმიერი საუბარი მას ეჩვენება, როგორც ღალატი”, – აცხადებს მეგრელიშვილი.

ოქრიაშვილის რეპლიკას, რომ “გირჩი” “ქართული ოცნების” ნაწილია, მეგრელიშვილი ასე ეხმიანება:

“ვაიმე, ძალიან მინდა, რომ, ზოგადად, ხელისუფლების ნაწილი ვიყო. მთელი ჩემი ამოცანაა, რომ ხელისუფლების ნაწილი ვიყო, ეს მოგვცემს იმის გაკეთების საშუალებას, რაც გვინდა. უბრალოდ, ამაზე საუბარი ნაადრევია”, – თქვა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს კახა ოქრიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“ივანიშვილის „ოცნებამ“ (კობახიძე-პაპუაშვილმა) დღეს შემოგვთავაზეს ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობის ახალი ეტაპი – ჯერ დეპოლარიზაცია და მერე საარჩევნო ბარიერის დაწევა. გასაგებ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ეს ნიშნავს: პატარა პარტიებო, თუ გინდათ, რომ 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი დავწიოთ 1, ან 2 %-მდე, მოგახვედროთ პარლამენტში და ერთად გავაგრძელოთ ივანიშვილის მსახურება, როგორც ახლა, მორიგ ჯერზე გაყიდეთ სახელმწიფო ინტერესები და შემოდით ჩვენს მიერ დაანონსებულ კომისიებში. დიდი ხანია, „ოცნება“ ალეკო ელისაშვილის პარტიას და „გირჩს“ ოპოზიციად ასაღებს. თუმცა ეს პარტიები ივანიშვილის „ოცნების“ ისეთივე ნაწილი არიან, როგორც ახლახანს დაფუძნებული „ყაველაშვილის ტრიო”, – წერს ოქრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g