LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი: „ადამიანებს კონცერტის საფასურის გადახდა უჭირთ, იაფი კონცერტი კი არ გამოდის…“

1104
მერაბ-სეფაშვილი

მერაბ სეფაშვილი სიახლეებისთვის ემზადება და ამბობს, რომ მალე მის მსმენელს დიდი სიურპრიზები ელოდება.

3 მარტს, ბათუმში მაქვს კონცერტი რესტორან „სან რემოში“. 8 მარტს კი „ვილა მოსავალში“ შევხვდები ჩემს მსმენელს, ბენდთან ერთად.

ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როცა თქვენი ერთი კონცერტი გაუქმდა…

არაფერი განსაკუთრებული. ფინანსურ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ ჩემს პროდიუსერთან, მე არ ჩავრეულვარ.

შემოქმედებით სიახლეებს, ვიცი, რომ უნდა დაველოდოთ თქვენგან…

ორი სიმღერის ჩაწერას ვგეგმავ. ძალიან კარგი სიურპრიზები მექნება. ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ ცხადია, პრემიერები რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ შედგება. ერთ-ერთი ჩემი ძალიან ძველი სიმღერაა, „თეატრონში“ ვასრულებდი და ახლებურად გავაკეთე ბენდთან ერთად. რაც შეეხება მეორე სიმღერას – ისიც ძელი რეპერტუარიდან არის.

ახალი სიმღერები არ მოგწონთ?

სიმართლე გითხრათ, არც იწერება. იმდენი მაქვს ძველი, რომ ყველა ახალია უკვე – 30-40 წლის წინანდელი სიმღერებია (იღიმის). ალბათ არიან ახალგაზრდა კომპოზიტორები, მაგრამ ახლა ზოგადად ისეთი მდგომარეობა და სიტუაციაა, არავის სცხელა მუსიკის დასაწერად. ბევრი რამ მოვისმინე და არ მომეწონა. საერთოდ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არის კარგი მუსიკის კრიზისი. თავად ყველაფერს ვუსმენ, უფრო მეტად, ჯაზურ ინსტრუმენტულს. თანამედროვე მუსიკას ვუსმენ, მაგრამ არ მომწონს – არანჟირება და ყველაფერი კარგია, თუმცა მელოდიისა და ჰარმონიის კრიზისია. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. იმდენად კლუბური გახდა ყველაფერი, სიამოვნების მიღება მოსმენისას რთულია.

კლუბში თქვენც ხშირად გამოდიხართ…

იქ სხვა არანჟირებაა საჭირო. ძალიან გაკომერციულდა ყველაფერი.

არის ჟანრი, რომელსაც არასდროს შეასრულებთ?

თუ შევძელი, ნებისმიერ ჟანრში ვიმღერებ, გააჩნია, როგორ მიუდგები და გააკეთებ.

დიდი კონცერტი ხომ არ იგეგმება?

ამასაც ვერ გეტყვით, მაგრამ იგეგმება (იღიმის). გრანდიოზული პროექტია.

მერაბ, ხშირად დადიოდით ისრაელში გასტროლებზე. ბოლო დროს შემცირდა შემოთავაზებები?

პანდემიის დროს შეჩერდა. რამდენიმეჯერ ვიყავი ისრაელში, მაგრამ იქ შესვლა საკმაოდ გართულებულია. მე ნამდვილად არ მაქვს პრობლემა, ოფიციალურად ჩავდივარ ხოლმე.

ამ ბოლო პერიოდში, პანდემიის შემდეგ, შოუბიზნესი ამუშავდა. თქვენთვის როგორია ფინანსური კუთხით?

ჩვენ რაზე ვართ დამოკიდებული? ადამიანებზე, ეკონომიკაზე. ადამიანებს კონცერტის საფასურის გადახდა უჭირთ, იაფი კონცერტი არ გამოდის… ნელ-ნელა მიდის გამოსწორებისკენ.

სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს შოუბიზნესს?

სახელმწიფო შოუბიზნესს საერთოდ არ უნდა ეკარებოდეს, თუმცა არის კონკრეტული მომენტები, სადაც შეიძლება დაეხმაროს – მაგალითად, დარბაზის დაქირავებაში. ასტრონომიული ფასი ადევს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზს, მარტო არენდა რომ გადაიხადო… ამაში შეიძლება, სახელმწიფო ერეოდეს.

თქვენ რომ მოინდომოთ, ვერ გამართავთ ფილარმონიაში კონცერტს?

პროექტი უნდა იყოს ძალიან იაფიანი და ასე არ გამოდის.

სახელმწიფოსგან ისეთი ტიპის დახმარებაზე, რაზეც საუბრობდით, თქვენ ბოლო პერიოდში მიგიღიათ?

მე როგორ უნდა დამეხმაროს სახელმწიფო, ჯერ თავის თავს დაეხმაროს (იღიმის). არ მაქვს არც ცუდი და არც კარგი ურთიერთობა, საერთოდ არ ვეკარები. სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ზოგადად ხალხს, რადგან ის სიტუაცია, რაც შეიქმნა, ნებისმიერ სფეროზე მოქმედებს. ხელფასი და პენსია საკმარისია? არა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები