LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერის მოადგილის თქმით, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები რხევებსა და ვიბრაციას არ იწვევს – გეოლოგები კი ფერდობის სრულ კვლევაზე უფლებას ითხოვენ

124
ბენდელიანი და გეოლოგები

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის შემოვლით გზაზე, კერძოდ კი, მაჭავარიანის ქუჩის ფერდობზე, მეწყერის საშიშროების მასშტაბების შესაძლო მომატების გამო, გეოლოგები ფერდობის სრული კვლევისთვის შესაბამის ნებართვას ითხოვენ. დედაქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ კვლევის ეტაპზე არიან და მიმდინარე, საგზაო სამუშაოები მეწყრულ პროცესზე ზემოქმედებას არ მოახდენს.

გეოლოგები კი არ გამორიცხავენ, რომ საშიში ზონის უკანა ნაწილიც მეწყერსაშიში აღმოჩნდეს. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი მეწყერსაშიში ფერდობის სრულ კვლევაზე ნებართვას ითხოვს,  ვინაიდან, მათი განცხადებით, 10 მეტრის სიღრმის ნაპრალები და ნახევარი მილიონი კუბური მიწა შესაძლოა ნებისმიერ წუთს მოწყდეს.

მათი თქმით, მეწყერი უკვე დინამიკაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერდობს ბლოკური მოძრაობა არ შეუჩერებია და საჭიროა მაქსიმალურად დროული ნაბიჯების გადადგმა. გეოლოგების განცხადებით, პირველ რიგში აუცილებელია – შეწყდეს ნებისმიერი ტიპის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ადგილზე კვლავ გრძელდება. ამასთან, სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ უხვმა ნალექმა და წვიმამ, შესაძლოა პროცესი კიდევ უფრო დააჩქაროს.

დედაქალაქის მერია კი საგზაო სამუშაოებს ისევ აგრძელებს და ამბობს, რომ ეს პროცესი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს არ გამოუწვევია. 

აეროგადაღების კადრები: როგორ გამოიყურება ვაშლიჯვრის დამეწყრილი ტერიტორია

“ეს ერთიანი სხეულია, რომლის ერთი ნაწილიც ახლა მოძრაობაშია მოსული და არ ნიშნავს, რომ მისი უშუალო მეზობელი ნაწილი მოძრაობაში არასდროს მოვა. ახლა სწორედ ესაა საინტერესო – ერთიანი სხეულის, უშუალო, მეზობელი უბნების მდგომარეობა.

მეწყრის ხელშემწყობია სამშენებლო ვიბრაცია, ასევე მეწყრული ფერდობის ძირის გამოჭრა, ეს ყველაფერი კი აქ გვაქვს. მეწყრის ზედა ტანზეც სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია და საფრთხის თვალსაზრისით, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუმცა, აქ საუბარია იმაზე, თუ რომელი იყო ძირითადი გადამწყვეტი, რამაც  გადაადგილების ტრიგერირება მოახდინა – ეს არის წყალგაყვანილობა და ეს არის გზა,” – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა.

მოწყვეტილი სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია და ნახევარი მილიონი კუბია, რაც შესაძლოა მოწყდეს – სეისმოლოგების საგანგებო განცხადება

დღეს, ადგილზე დედაქალაქის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდა, რომელმაც ტერიტორია დაათვალიერა და ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარე საგზაო და წყლის გაყვანილობის სამუშოებს მეწყრული პროცესი არ გამოუწვევია და სამუშაოები კვლავ გრძელდება.

უახლოეს დღეებში გვექნება პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე – საგანგებო ბრიფინგი მერიაში

“მიმდინარეობს კვლევა. როგორც იცით, უსაფრთხოების ზომები მიღებულია და მიმდინარე გზაზე მოძრაობა ჩაკეტილია. აქ მხოლოდ იმ ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რხევებსა და ვიბრაციას არ იწვევს და რომელზეც ვიცით, რომ მეწყრულ პროცესზე ზემოქმედებას არ მოახდენს, დანარჩენი სამუშაოები კი, რომელსაც გარკვეული ბიძგების გამოწვევა შეეძლო, ყველაფერი გაჩერებულია,” – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ეს არ არის კლასიკური მეწყერი, საბოლოო ჯამში, გადაადგილება დიდ ლოდებად დამსხვრევას გამოიწვევს: ლაშა სუხიშვილი