პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა და გასცა პასუხი კითხვას: ემუქრება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე?
„დღეს, ამ წუთას ამის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა ყველა რომ ფეხზე დავდგეთ, ყველამ რომ მოვინდომოთ, თუ მიხეილ სააკაშვილმა არ მოინდომა საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა, მაშინ რა თქმა უნდა, შესაძლოა, ამ პროცესს თავისი გართულებები ჰქონდეს. მე როგორც ექიმი, როცა ჩემს პაციენტს რეკომენდაციას ვაძლევ, ვუნიშნავ წამალს და ის ამას არ აკეთებს, რა გავაკეთო? მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული? არაა მხოლოდ ჩემზე დამოკიდებული…
მისი ჯანმრთელობის ხელისშემშლელი უმეტესად არის თვითონ, რადგან არ ასრულებს რეკომენდაციებს. ის მუდმივად ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს, მოახდინოს ამის აქტუალიზაცია და ხედავთ, რომ ახერხებს კიდეც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
რაც შეეხება კითხვას, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკოსი, რას ურჩევდა საკუთარ გუნდს, საქართველოს ხელისუფლებას, ხუნდაძის თქმით, რჩევები ორივე პოლიტიკური მხარის მიმართ აქვს.
„მისი მომხრეები, თანაგუნდელები, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური, თუ რეალურად ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში, სააკაშვილს უნდა არწმუნებდნენ, რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის ზიანი, თუმცა იმ 800 კაციდან, რომელიც მასთან საპატიმროში შევიდა გასული თვეების განმავლობაში, ეჭვი მეპარება, რომ დიდი ნაწილი ამაზე ზრუნავდა. ეს უფრო სახიფათოა – მას ემოციურ გარემოს უქმნიან, რომ ამ სიტუაციიდან არ გამოვიდეს – ყველას პოლიტიკური სარგებლის მიზანი აქვს… ნამდვილად ეჭვი მეპარება, რომ მისი მომხრეების დიდი ნაწილის სურვილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
რაც შეეხება იმას, რას ვურჩევდი ხელისუფლებას, რასაც ვაკეთებთ, ის უნდა გავაკეთოთ, პლუს ექიმებს მივცეთ მეტი ჩართვის საშუალება. უკიდეგანოდ ფართო ჯგუფი და სეგმენტ-სეგმენტ ექიმების მონაწილეობის საჭიროება არაა. უნდა იყოს, მაგალითად, სახალხო დამცველის მიერ დაკომპლექტებული ექიმების და იმ ექიმების მეტი კომუნიკაცია, რომლებიც ყოველდღიურად არიან კავშირში პაციენტთან…“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გამორიცხა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ, „რადგან მის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებობს“.
„ნამდვილად მინდა, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ მას აქვს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს როგორ გავაკეთოთ? ემოციების დონეზე ვმართოთ? – ქუჩაში დავთვალოთ რამდენი ადამიანი შეიკრიბება და იმის მიხედვით გამოვუშვათ ან გორში გადავიყვანოთ ან თუ კიდევ უფრო ბევრი შეიკრიბა – საზღვარგარეთ გადავიყვანოთ? მაშინ დავანებოთ თავი სამედიცინო კონსილიუმსაც, სასამართლოსაც, სამართლებრივ წესებსაც და ვმართოთ ემოციებით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძემ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ ექიმთა ჯგუფზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ დასკვნას უნდობლობას არ უცხადებს, უშუალოდ ჯგუფის მიმართ კი პატივისცემას გამოხატავს, თუმცა „პატივისცემას ადასტურებს ასევე პროცესში უშუალოდ ჩართული ექიმების მიმართაც, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგით ყოველდღიურად არიან დაკავებული“.
„ეს ჯგუფი, რომელიც არის სახალხო დამცველის ეგიდის ქვეშ, არის გარე აუდიტორული ჯგუფი. იმ ექიმების შეფასებები, რომლებსაც ყოველდღიური კავშირი აქვთ სააკაშვილთან, არ არის ისეთი, როგორიც გარე აუდიტორული ჯგუფის, რაც პირველ რიგში სასარგებლოა თავად მიხეილ სააკაშვილისთვის.
დეტალებზე, პირადი ინფორმაციის დაცვის თვალსაზრისით ვერ ვისაუბრებ, ანალიზს ვერ გავშლი, მაგრამ პოლიტიკური შეფასებები აშკარად გადაჭარბებულია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის საყურადღებო. საყურადღებო მეტწილად არის მისივე არასწორი დამოკიდებულებით საკუთარ თავის მიმართ, რადგან არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს.
რა არის ამ საქმისთვის ყველაზე მიღებული და აუცილებელი? – ექიმებმა ისაუბრონ და პოლიტიკოსებმა ცოტა ხანს, ჯანმრთელობის შეფასების ნაწილში თავი შეიკავონ, მაგრამ რაც არ უნდა კონსილიუმი შედგეს, რაც არ უნდა ადგილობრივი თუ უცხოელი ექიმების ჩართულობა იყოს, თუ მიხეილ სააკაშვილმა არ იზრუნა საკუთარ ჯანმრთელობაზე და პოლიტიკური მიზნისთვის გამოიყენა საკუთარი ჯანმრთელობის დამძიმება, რა თქმა უნდა, შედეგზე ვერავინ გავა“, – განმარტა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.