LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინდა გამოვეხმაურო პროკურატურის მიერ წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს” – უკანონო საექიმო საქმინობაში ბრალდებულის განცხადება

461
pjimage (1)

უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე ბრალდებული, ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავა განცხადებას ავრცელებს და პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

როგორც ხოჭოლავა წერს, 25 წელზე მეტია აქტიურად ლიცენზირებულ საექიმო საქმიანობას ეწევა ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით, ქედან 10 წელი ანესთეზიოლოგად საქართველოში იმუშავა, ბოლო 15 წელიწადი კი იტალიის ქალაქ ბერგამოს სააუნივერსიტეტო კლინიკაში მოღვაწეობს.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებს უცვლელად გთავაზობთ:

“ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება
მინდა განცხადებით გამოვეხმაურო გუშინ, 4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის მიერ, ჩემ მიმართ, წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს, უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ასევე, მინდა გამოვეხმაურო ტელევიზიით არასწორად გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას, იმის თაობაზე, რომ თითქოს გამოძიებისგან თავის არიდების მიზნით, განზრახ დავტოვე ქვეყანა და “გავიქეცი” იტალიაში. უნდა აღინიშნოს, რომ 25 წელზე მეტია აქტიურად ვეწევი ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით, საიდანაც 10 წელი ვმუშაობდი, შესაბამისი ლიცენზიის ფარგლებში, ანესთეზიოლოგად საქართველოში და ბოლო 15 წელიწადია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ იტალიაში ბერგამოს სააუნივერსიტეტო კლინიკაში, რამაც განაპირობა, განვითარებული მოვლენების დროს, ჩემი ქვეყანაში არ ყოფნა.
შესაბამისად, ვაცხადებ, რომ გაჟღერებული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მეტიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი საგამოძიებო ორგანოებთან და სიმართლის დადგენის მიზნით, მომავალშიც მზად ვარ თანამშრომლობისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

https://www.facebook.com/TCHospital/posts/3341080942581215

 

ცნობისთვის, დღეს, 16:00 საათზე,  თბილისის საქალაქო სასამართლოში “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორის და ამავე კლინიკის ექიმის სასამართლო პროცესი გაიმართება.

შეგახსენებთ, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს.

უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად გამოიტანეს დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, “თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში” პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს, რის შემდეგაც ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g