LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა, წელს ვახერხებთ როგორც ხულოს, ისე ზარზმის მხრიდან, 10 კმ-მდე გზაზე ასფალტის საფარის მოწყობას – ირაკლი ქარსელაძე

127
ხულო-ზარზმა

„მიუხედავად მთელი რიგი, მათ შორის, მეწყერებთან დაკავშირებული გამოწვევებისა, წელს ვახერხებთ როგორც ხულოს, ისე ზარზმის მხრიდან, 10 კმ-მდე გზაზე ასფალტის საფარის მოწყობას. კარგი პროგრესი გვაქვს ხელოვნურ ნაგებობებთან დაკავშირებით, რაც ქმნის პირობებს იმისათვის, რომ უკვე მომდევნო წელს პროექტი დასრულდეს და ასფალტის საფარით უზრუნველყოფილი ხულო-ზარზმის უმნიშვნელოვანესი გზა შევიდეს ექსპლუატაციაში“, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას ერთმანეთთან უმოკლესი გზით დააკავშირებს, გზა გადის რთულ გეოგრაფიულ და გეოლოგიურ რელიეფზე. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია კი, ხელს შეუწყობს ორი რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. განახლებული გზა ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან დააკავშირებს, რაც ხელს შეუწყოს ტურიზმის განვითარებასაც.

“47 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც, საერთო ჯამში, 2 ზოლიანი ასფჰალტ-ბეტონის საფარი დაიგება. მოცემულ ეტაპზე, პირველ და მეორე მონაკვეთებზე, მთლიანობაში 42 კმ-ზე, ასფჰალტ-ბეტონის საფარის მოწყობის, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. ამ მონაკვეთებზე დაგეგმილი სამუშაოების საერთო ღირებულება 95.6 მილიონ ლარს აღემატება. მეორე მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის, ხოლო მთლიანი 47 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება.

ორი რეგიონის დამაკავშირებელი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მოინახულეს”, – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.