“მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და ახალი საკრებულოების მუშაობის დაწყებამდე.” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის განცხადებით, მმართველმა პარტიამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უკვე დაიწყო ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცედურები და ცდილობს, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღოს ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე და არსებული საკრებულოების მეშვეობით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი. როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე უშუალოდ არჩევნების დღე ჩატარდა სისტემური დარღვევების პირობებში. ხელისუფლებამ მოქალაქეებს წაართვა უფლება – დემოკრატიულ გარემოში დაეფიქსირებინათ თავიანთი გადაწყვეტილება.
მიუხედავად ამისა, მოქალაქეების გადაწყვეტილებით ჩვენ ვართ წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში თვითმმართველობის დონეზე. არაერთ რეგიონულ ცენტრში, არაერთ წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოში ჩვენი ხმა იქნება გადამწყვეტი, ნებისმიერი, მათ შორის, მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესში.
მუნიციპალიტეტებში “ქართულმა ოცნებამ” უკვე დაიწყო ბიუჯეტების განხილვის და დამტკიცების პროცედურები. რეალურად ხელისუფლება ცდილობს ჩვეულ სტილში, ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების მეშვეობით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები.
მუნიციპალური ბიუჯეტი, მოგეხსენებათ, რომ არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს მოსახლეობის, ადამიანების პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, რომელიც ითვალისწინებს სწორედ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების პრიორიტეტებისა და საჭიროებების ასახვას მუნიციპალურ ბიუჯეტებში, სხვადასხვა მიმართულებებით.” – განაცხადა დაუშვილმა.
დეპუტატის თქმით, მუნიციპალური ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს ახალი საკრებულოების მიერ და არა ერთპიროვნულად, “ქართული ოცნების” საკრებულოების მიერ, რადგან თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება უკვე განხორციელდა:
“როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ხმა მიეცათ ჩვენი პარტიისთვის, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მათი ინტერესი იყო ოცნების ერთპარტიული მმართველობის დასრულება, რაც ასევე ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მუნიციპალური ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს სწორედ ახალი საკრებულოების მიერ და არა ერთპიროვნულად ოცნების საკრებულოების მიერ, ვინაიდან უკვე განხორციელდა თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება, ჩვენ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და ახალი საკრებულოების მუშაობის დაწყებამდე.
ამასთანავე, მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომები, რათა აღნიშნული საკრებულოები შეუდგნენ მუშაობას, მათ შორის ბიუჯეტის განხილვას და მათ დამტკიცების პროცედურებს.” – განაცხადა დაუშვილმა.
როგორც მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტების განხილვის და დამტკიცების პროცედურები დაჩქარებული წესით დაწყებულია არაერთ მუნიციპალიტეტში, მათ შრის, სამეგრელოს არაერთ მუნიციპალიტეტში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში:
“პირველი სხდომის მოწვევის ვადა არის 30 დღე საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან, თუმცა, ჩვენ ხომ ახალ რეალობაში ვართ, არაერთ მუნიციპალიტეტში და არაერთ საკრებულოში “ქართული ოცნება” ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეების გადაწყვეტილებით ეს ბიუჯეტების დამტკიცება და სხვა გადაწყვეტილებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მრავალპარტიული კონსესუსის საფუძველზე.
შესაბამისად, რასაც დღეს “ქართული ოცნება” აკეთებს, არის ის, რომ ახალი საკრებულოების შეკრებამდე, დაჩქარებული წესით მოასწროს ბიუჯეტების დამტკიცება, იმისათვის, რომ ისე გააკეთოს როგორც თვითონ უნდა, ამით კიდევ ერთხელ აიგნორებს ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას, რომლებმაც თქვეს, რომ, მინიმუმ, 7 საკრებულო გადაწყვეტილებას მიიღებს კონსესუსის საფუძველზე და არა ერთპიროვნულად ოცნების მიერ. ჩვენი ინფორმაციით, ბიუჯეტების განხილვის და დამტკიცების პროცედურები დაჩქარებული წესით დაწყებული არის არაერთ მუნიციპალიტეტში. მაგალითად სამეგრელოს არაერთ მუნიციპალიტეტში, მაგალითად ზუგდიდში, მაგალითად ჩხოროწყუში და ა.შ.” – თქვა დაუშვილმა.